რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში
18/04/2021 16:58:12 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელსაც საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს.
დოკუმენტი შემდეგი 5 პუნქტისგან შედგება:
- პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება;
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა/ მართლმსაჯულების რეფორმა;
- პარლამენტში ძალთა გადანაწილება;
- მომავალი არჩევნები;
პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარების თაობაზე პუნქტში ნათქვამია:
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.
ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.
პარლამენტში ძალთა გადანაწილების თაობაზე პუნქტში ნათქვამია:
ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთო–სა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
მომავალი არჩევნების თაობაზე პუნქტში ნათქვამია:
2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
„მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“.
მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.


