Accentnews.ge
აქტივისტების განცხადებით, სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ღამის გათენებას გეგმავენ

აქტივისტების განცხადებით, სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ღამის გათენებას გეგმავენ

31/03/2021 21:19:57 საზოგადოება

აქტივისტები სასტუმრო „რუმსთან“, სადაც, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.

აქციის მონაწილეები სასტუმრო „რუმსის“ მეპატრონეს მიმართავენ, აღნიშნული სტუმრები სასტუმროდან გაუშვას.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, დილით პროტესტს შეუერთდნენ.

მათივე თქმით, სანამ ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები საქართველოში იქნებიან, მათ ყველგან მიაკითხავენ და დისკომფორტს შეუქმნიან.

ცოტა ხნის წინ სასტუმრო „რუმსს“ აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს.

მანამდე პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სასტუმრო "ვინოტელში", რომელიც პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა.

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სასტუმრო "ვინოტელთან", სადაც იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.

"ვინოტელთან" შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემდნენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ "აღკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ "კომენდანტის საათის" დარღვევა". სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმროს ელექტროენერგიაც გაუთიშეს.

შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" 10 000 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაურღვევია.

მისივე ცნობით, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S