“რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
25/03/2021 17:13:28 საზოგადოება
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ "გადაცემა "პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა მაია ასათიანმა გუნდთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა "შორენას ეფექტი".
პაატა სალიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს, გამოვეხმაურო გადაცემა - "პროფილის" ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც იგი ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არც ერთი გადაცემის და მათ შორის "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში არც ერთ ეტაპზე რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. "პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით. ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა მაია ასათიანმა გუნდთან ერთად თავად მას შემდეგ მიიღო, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა "შორენას ეფექტი". მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. "რუსთავი 2" წარმატებას უსურვებს "პროფილის" შემოქმედებით ჯგუფს. ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი".
ცნობისთვის: მაია ასათიანი "რუსთავი 2"-ს ტოვებს.
მისი თქმით, დღეს ტელეარხზე გადაცემა “პროფილი” ბოლოჯერ გავა.
“დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20–წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ. იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია", - აცხადებს “პროფილის” ანონსში ასათიანი.


