Accentnews.ge
პრეზიდენტი – ახალციხელ ექთანზე: "მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ"

პრეზიდენტი – ახალციხელ ექთანზე: "მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ"

19/03/2021 13:22:49 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალციხელი ექთნის გარდაცვალების გამო მუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, მედიკოსი პანდემიასთან ბრძოლის გმირად დარჩება.

"მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა. მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.

მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ", – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის: ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ვარაუდით, პაციენტს ანაფელაქციური რეაქცია განუვითარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის".

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება:

"ევროპის წამლის სააგენტოს" მიერ ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე – რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს საფუძველს, შეჩერდეს მისი მოხმარება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S