პუტინი: "ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ, ბატონო ბაიდენ!... ამერიკას შეგუება მოუწევს!"
18/03/2021 12:40:23 მსოფლიო
"მკვლელობის" ბრალდებით საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს "ჯანმრთელობა" უსურვა.
"ვადასტურებ ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას - ჩვენ მართლაც პირადად ვიცნობთ ერთმანეთს. რა შემიძლია, ვუპასუხო ბატონ ბაიდენს? მე შემიძლია, ყოველგვარი ირონიისა და ხუმრობის გარეშე ჯანმრთელობა ვუსურვო მას. ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ, ბატონო ბაიდენ! ეს - პირველი. მეორე: ყოველი ხალხის, ყოველი ქვეყნის ისტორიაში მრავლდაა ძალზე მძიმე, დრამატული, სისხლიანი მოვლენა, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანებს ვაფასებთ, ანდაც სხვა სახელმწიფოებსა თუ ხალხებს, ჩვენ ყოველთვის თითქოს სარკეში ვიხედებით, მასში ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ, ყოველთვის ვცდილობთ, სხვას გადავაკისროთ ის, რითაც თავად ვსუნთქავთ და რასაც არსობრივად, თავად წარმოვადგენთ. მახსენდება, როცა ბავშვობაში ეზოში ვკამათობდით, ასე ვეუბნებოდით ერთმანეთს: "რასაც მე მეძახი, თავად ხარ" - და ეს არც შემთხვევითია, არც უბრალო ბავშვური გამოთქმა, მასში ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური აზრია ჩადებული: სხვაში ყოველთვის საკუთარ თვისებებს ვხედავთ, ვფიქრობთ, რომ ის ისეთივეა, როგორიც ჩვენ და ამის მიხედვით ვაფასებთ მის მოქმედებას. ამერიკულ ისტებლიშმენტს, მმართველ კლასს რაც შეეხება (და არა მთლიანობაში ამერიკელ ხალხს, რომელშიც ძალიან ბევრია კეთილშობილი, გულისხმიერი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ჩვენთან მშვიდობიანი და მეგობრული თანაარსებობა სურს - ჩვენ ეს ვიცით, ამას ვაფასებთ და მომავალში სწორედ მათ დავეყრდნობით), მისი ცნობიერება საკმაოდ რთულ პირობებში ყალიბდებოდა: ევროპელების მიერ ამერიკული კონტინენტის ათვისება ხომ ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებასთან იყო დაკავშირებული - დღეის ლექსიკა რომ გამოვიყენოთ, გენოციდთან. ვგულისხმობ ინდოელი ტომების პირდაპირ გენოციდს. ამას მოჰყვა ბატონ-ყმობის ძალიან მძიმე და უმოწყალო პერიოდი. ეს ყველაფერი დღემდე თან სდევს შეერთებული შტატების ყოფას - სხვა შემთხვევაში საიდან გაჩნდებოდა დღეს მოძრაობა "ბლექ ლაივზ მეთერ"?! დღემდე აწყდებიან აფროამერიკელები უსამართლობასა და ფიზიკურ განადგურებას. და აი, ასეთი მოსაზრებებით ხელმძღვანელობის პირობებში წყვეტს ამერიკის მმართველი კლასი როგორც შიდა პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. აშშ ხომ ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც ატომური ბირთვული იარაღი გამოიყენა, თანაც არაბირთვული ქვეყნის - იაპონიის წინააღმდეგ და ამ ქმედებას, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჩადენილს, არ ჰქონია არანაირი აზრი სამხედრო თვალსაზრისით, ეს იყო მშვიდობიანი მოსახლეობის პირდაპირი განადგურება! ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი: მთლიანობაში, ამერიკის ხელმძღვანელობა განწყობილია, ჩვენთან გარკვეული ურთიერთობები იქონიოს, მაგრამ მხოლოდ იმ საკითხებში და იმ პირობით, რომელიც თავად ამერიკის ინტერესს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს მათნაირი ვგონივართ, ჩვენ სხვანაირები ვართ - სხვა გენეტიკური და კულტურულ-ღირებულებითი კოდით. თუმცა ჩვენც შეგვიძლია საკუთარი ინტერესების დაცვა და ჩვენ ვიმუშავებთ ამერიკელებთან. ოღონდ იმ სფეროებში და იმ პირობით, რომლებშიც თავად ვართ დაინტერესებულები. ამერიკელებს მოუწევთ, ამას ანგარიში გაუწიონ. მათ მოუწევთ ამის მიღება, მიუხედავად ყველა მცდელობისა, შეაჩერონ ჩვენი განვითარება - მიუხედავად სანქციებისა, შეურაცხყოფისა... ვიმეორებ, მათ მოუწევთ ამის მიღება! ჩვენ კი, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გავაგრძელებთ ურთიერთობების განვითარებას მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით", – განაცხადა პუტინმა ტელეეთერში ირონიული ღიმილით საუბრისას და გადაცემის წამყვანებს მიმართა, "მოდით, ყირიმისა და სევასტოპოლის განვითარების საკითხებზე გადავერთოთო".


