„იგივე საფრთხეა, რაც ვერეზე იყო: მეწყერი დინამიკაშია მოსული და მისი შეჩერება შეუძლებელია!“
18/03/2021 07:45:05 საზოგადოება
ნუცუბიძისა–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალ გზასთან არსებული მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან.
![]()
გეოლოგების შეფასებით, მეწყრული პროცესები გააქტიურებულია, პროცესები სწრაფად ვითარდება, რაც საფრთხეს ქმნის და აუცილებელია საინჟინრო გადაწყვეტილება, ხოლო თუ ნაბიჯები დროულად არ გადაიდგმება, შესაძლოა, იგივე პროცესები განმეორდეს, რაც 2015 წელს – მდინარე ვერეს ხეობაში მოხდა.
მათივე დაკვირვებით, მთის ფერდობზე მეწყრული პროცესებისთვის ისედაც ხელსაყრელი პირობებია, ხოლო ამას დაემატა სამუშაოები, რომლის წარმოებამდეც გეოლოგების რეკომენდაციები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, მაგრამ ასე არ მომხდარა. ამჟამად კი მოდელირებაა საჭირო, რა მიმართულებით იწყებს მოძრაობას მოწყვეტილი მიწის მასა და რას დააზიანებს.
„იგივე საფრთხეა, რაც ვერეზე იყო: ბლოკური მეწყერი (მიწა კი არა კლდეა წამოსული) დინამიკაშია მოსული და მისი შეჩერება შეუძლებელია. რაც ვიზუალურად ჩანს, მოწვეტილი მასის სიღრმე დაახლოებით, 10 მეტრია. მიახლოებითი შეფასებით, მოწვეტლია ნახევარი მილიონი კუბი მასალა, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად ჩამოვა და მას საინჟინტრო გადაწყვეტა სჭირდება. ახლა მეწყერი დინამიკაშია მოსული და ხშირი წვიმების დროს ამის კედლით გაჩერება და ა.შ. შეუძლებელია! არის ეტაპი გეოლოგიაში, როდესაც გამაგრებით სამუშაოებს აზრი არ აქვს და ახლა სწორედ ეს მომენტია“,– განაცხადა გეოლოგმა თეა გოდოლაძემ და დასძინა, რომ სადღეისოდ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მოდელირება, შეფასდეს საფრთხეები, თუ რა მასის დაძვრაა მოსალოდნელი და რა მიმართულებით.
გეოლოგები ამბობენ, რომ სრული გეოლოგიური დასკვნისთვის რამდენიმე კვირა იქნება საჭირო.
"ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ასე მოხდებოდა, რადგან გარემოში ხდება უხეში ჩარევა! ადგილზე სამუშაოების წარმოება ახლავე უნდა შეწყდეს, რადგან ამას მეწყერის პროვოცირება შეუძლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ფინანსური ინტერესები და არასწორი მშენებლობა. ეს არის 100–ლარიანი გეოლოგიის შედეგი და ამის დამალვა საბჭოთა მიდგომაა. ეს არ არის ვითარება, რომ უნდა დავმშვიდდეთ!",– ამბობს გეოლოგი.
გეომორფოლოგ ლაშა სუხიშვილის შეფასებით, მომხდარზე პასუხისმგებელი ერთი პირი ვერ იქნება და ვარაუდობს, რომ სისტემურ ჩავარდნასთან გვაქვს საქმე:
„ყველაზე ცუდი სცენარია, პროცესი გაგრძელდეს დომინოს ეფექტით და არ მაქვს პასუხი, რა გზით უნდა დასტაბილურდეს ფერდობი“,– განაცხადა გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.
ამ დროისთვის ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზა გადაკეტილია, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები მაინც მიმდინარეობს.
16 მარტს მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
ცნობისთვის: 2015 წლის 13 ივნისს. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. მოქალაქეთა ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა.


