Accentnews.ge
ბრიტანეთი – ევროკავშირის მუქარაზე: "ევროკომისიის პრეზიდენტმა განცხადება უნდა განმარტოს, რადგან მსოფლიო გვადევნებს თვალს"

ბრიტანეთი – ევროკავშირის მუქარაზე: "ევროკომისიის პრეზიდენტმა განცხადება უნდა განმარტოს, რადგან მსოფლიო გვადევნებს თვალს"

17/03/2021 20:26:31 მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ევროკავშირში წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტის შეჩერების თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენის მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროპელმა დიპლომატმა განცხადება უნდა განმარტოს.

"ვფიქრობ, ამ განცხადებას განმარტება სჭირდება, რადგან ჩვენ მსოფლიო გვადევნებს თვალს. ყველასთან, მათ შორის ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ყოველთვის ვამბობდით, რომ არასწორი იქნება კანონიერად დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებისთვის ხელის შეშლა. გულწრფელად რომ ვთქვა, მიკვირს, დღეს რომ ეს საუბარი გვაქვს", – განაცხადა რააბმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ურსულა ფონ დერ ლეიენი გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირში წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტის შეჩერებით დაემუქრა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთიდან AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება ვერ ხერხდება, მაშინ როცა ბოლო 6 კვირის განმავლობაში ევროკავშირის ქარხნებიდან ბრიტანეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 10 მილიონი დოზა გაიგზავნა.

"ჩვენ ძალიან ბევრ ექსპორტს ვახორციელებთ იმ ქვეყნებში, რომლებიც ვაქცინას თავად აწარმოებენ. ჩვენ კარგად ვხედავთ, რა ექსპორტს ვიღებთ ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ ქვეყნებიდან. ეს მეორე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განვიხილავთ რამდენად პროპორციულია იმ ქვეყნებიდან ექსპორტი, სადაც ვაქცინაციის ტემპები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან. დიდი ბრიტანეთი არის ნომერ პირველი ქვეყანა, სადაც ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტი ხორციელდება. ​AstraZeneca-სთან ჩვენს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდება უნდა მოხდეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში მდებარე ორი ქარხნიდანაც. ჩვენ კვლავ ველოდებით დოზების მიღებას დიდი ბრიტანეთიდან", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S