ვოლოდინი: "პუტინზე თავდასხმით ბაიდენი რუსეთს დაესხა თავს"
17/03/2021 16:46:37 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ვლადიმირ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პუტინზე თავდასხმით ბაიდენი რუსეთს დაესხა თავს".
"ბაიდენმა თავისი განცხადებით რუსეთის მოქალაქეები შეურაცხყო. ეს არის უსუსურობით განპირობებული ისტერიკა. პუტინი ჩვენი პრეზიდენტია და მასზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს" - განაცხადა ვოლოდინმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში დადებითი პასუხი გასცა კითხვას, თვლის თუ არა მის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მკვლელად.
პუტინს საუბარი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევის შესახებ ამასწინათ გამოქვეყნებული მოხსენებისა და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალვის მოწამლვის საქმის გამო მოსკოვის მიმართ დაწესებული სანქციების კონტექსტში შეეხო.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, იანვარში პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან რუსეთის ლიდერი გააფრთხილა იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომელიც ხსენებული ჩარევის შესახებ ვარაუდების დადასტურებას მოჰყვებოდა. როგორი იქნება შედეგები - ბაიდენს რ დაუკონკრეტებია.
მანამდე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მა შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას დააწესოს რუსეთის მიმართ სანქციები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰაკერული ჩარევების გამო.
"სატელეფონო საუბარი დავიწყე სიტყვებით: "მე თქვენ გიცნობთ, თქვენ - მე". შემდეგ მოსალოდნელი შედეგების შესახებ გავაფრთხილე" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მზადაა, "აუცილებლობის შემთხვევაში" რუსეთთან იმუშავოს.


