აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა
11/03/2021 05:37:32 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულირების გეგმას მხარი დაუჭირა.
წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტი 220 ხმით 211-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა არც ერთ „რესპუბლიკელს“ არ მიუცია.
”დახმარება აქ არის”, - დაწერა ბაიდენმა „ტვიტერში“ კენჭისყრის შემდეგ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს პარასკევს მოაწერს ხელს.
ეკონომიკური დახმარების პაკეტიდან 400 მილიარდი დოლარი ამერიკელების უმრავლესობისთვის ერთჯერადი (1 400 აშშ დოლარის ოდენობით) დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. 350 მილიარდი დოლარი სახელმწიფო და ადგილობრივ მთავრობებს, ვაქცინის გადანაწილების დაფინანსების გაზრდასა და სკოლებს მოხმარდება. ამასთან, პაკეტი ითვალისწინებს დახმარებას მცირე ბიზნესებისთვის.
„დემოკრატები“ კანონმდებლობას პანდემიის მიმართ რეაგირების კუთხით გადადგმულ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ. "რესპუბლიკელები" ბიუჯეტიდან 1.9 ტრილიონი დოლარის გამოყოფას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, "პანდემიით დაზარალებულ ქვეყანას ამ ოდენობის ხარჯები კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება".


