ჩუბინიძე აცხადებს, რომ სახლში მიაკითხა მათ, ვინც ბერას მისამართით "მუქარის შემცველ "პოსტებს" აქვეყნებდა
09/03/2021 12:22:39 პოლიტიკა
სახელმწიფო დაცვის სპეცილური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ მაშინ, როცა იგი ბიძინა ივანიშვილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, იმ პირებს სახლში აკითხავდა, ვინც ბერა ივანიშვილის მისამართით სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველ "პოსტებს" აქვეყნებდნენ.
მისივე თქმით, "ტვ პირველის“ ეთერით გავრცელებული ჩანაწერი მოდელირებულია":
"ჩანაწერები, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის და რაზეა ლაპარაკი? გნებავთ ჭორაობა ვუწოდოთ და ესაა დანაშაული? დანაშაულია მისი უკანონოდ მოპოვება, მისი შენახვა, მისი მოდელირება და გავრცელება".
მისი თქმით, 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში იგი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ბერას მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებების შესწავლა.
ანზორ ჩუბინიძემ "იმედთან" ინტერვიუში გაიხსენა კონკრეტული ფაქტი, როდესაც სახლში მიაკითხა ერთ-ერთ ადამიანს, ვისაგანაც უშუალოდ მოდიოდა მუქარის შემცველი განცხადებები:
"ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს განცხადება გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გავიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. მშობელთან ერთად როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი შობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზემით აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში იყო მცდელობა, რომ "სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლებიდან 2016-2017 წლებში და თვითონ და ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც უკვე მოქმედი ჩინოსანი და პრემიერ-მინისტრი აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინათ".
„რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილს, 2010-2011 წლებში, როდესაც ის „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგზარდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება მოუხდენია“, - განაცხადა ანზორ ჩუბუნიძემ.


