Accentnews.ge
ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერეს

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერეს

08/03/2021 09:48:23 საზოგადოება

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა, ხოლო დიაკონ ანანია კალანდიას "ბოლო გაფრთხილება" მისცა.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებაშია ნათქვამი, მღვდელმთავრის მოწოდებაზე მასთან ერთად სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილეობის თაობაზე, დიაკვნებმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა თავიანთი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და ჭყონდიდის მიტროპოლიტთან თანამსახურება არ ინებეს.

“მრავალი გაფრთხილებისა და შეგონების პასუხად, მათ უცნაური “მიმართვა” გამოაგზავნეს, რომელშიც განაცხადეს, რომ “ძალა არ შესწევთ”, “ღვთისგან” მათზე “დაკისრებული სადიაკვნე მსახურების” ჭყონდიდის მიტროპოლიტის “გვერდით აღსრულებისა”. ამ “მიმართვის” მიღების შემდეგ, ჩვენ კვლავ შევეცადეთ მათი, ახლა უკვე წერილობითი შეგონება და მათზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისკენ მოწოდება, თუმცა, მათ ეს ბოლო გაფრთხილებაც უგულვებელყვეს, რის გამოც იძულებული ვართ, ჭყონდიდის ეპარქიაში კეთილმსახურებისა და საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ავუკრძალოთ დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და დიაკონ პეტრე ღუდუშაურს ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში მონაწილეობა”, – ნათქვამია ბრძანებაში.

დიაკვნების მღვდელმსახურებაში მათი აღდგენის საკითხი მხოლოდ “მათ მიერ გულწრფელი სინანულის საჯარო გამოხატვის შემთხვევაში” განიხილება.

“მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას”, – აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S