Accentnews.ge
იტალიას ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვის გადაწყვეტილებას საფრანგეთი და ევროკავშირი უწონებს, გერმანია კი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

იტალიას ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვის გადაწყვეტილებას საფრანგეთი და ევროკავშირი უწონებს, გერმანია კი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

05/03/2021 19:58:11 მსოფლიო

იტალიას ავსტრალიაში AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვის გადაწყვეტილებას საფრანგეთი და ევროკავშირი უწონებს, გერმანია კი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

”ჩვენ გვჯერა, რომ ეს ვაქცინა ჩვენი პორტფელის მნიშვნელოვანი ელემენტია და ამიტომ ველოდებით შეთანხმებული დოზების მიღებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი ჯერ იმ დოზების მიწოდებას განახორციელებენ, რომლებიც ევროკავშირისთვისაა გათვალისწინებული. ყველა იმ კომპანიისთვის, ვინც ამას აკეთებს, ექსპორტის პრობლემა არ არსებობს", – განაცხადა ევროკავშირის კომისიის პრეს–სპიკერი ერიკ მამერმა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა აღნიშნა, რომ მას "იტალიის გადაწყვეტილების ესმის" და დასძინა, რომ "შესაძლოა, საფრანგეთსაც იგივე გაეკეთებინა".

რაც შეეხება გერმანიას, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ "ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ უზრუნველყოს ვაქცინების მწარმოებლების მიერ დანაპირების შესრულება". თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ "ევროკავშირის მასშტაბით კოორდინაცია საექსპორტო შეზღუდვების თაობაზე მნიშვნელოვანია".

"ამგვარი ზომები [იტალიის მიერ ექსპორტის დაბლოკვა] მოკლევადიან პერსპექტივაში გამარჯვების მომტანია. თუმცა ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინების მიწოდების ჯაჭვების ჩაშლა საშუალოვადიან პერიოდში პრობლემებს არ შეგვიქმნის", – განაცხადა შპანმა.

მისივე თქმით, გერმანიას ვაქცინის მიწოდება არც ერთ ქვეყანაში არ დაუბლოკავს.

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა, -იუწყება BBC.

საუბარია იტალიაში მდებარე AstraZeneca-ს ობიექტის მიერ წარმოებული ვაქცინის 250 000 დოზაზე.

როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირსა და იტალიაში ვაქცინების მუდმივი დეფიციტია და 250 000 დოზა საკმაოდ მაღალი რაოდენობაა იმის გათვალისწინებით, რა რაოდენობის ვაქცინაც იტალიას და ზოგადად, ევროკავშირს მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკომისიაც უჭერს.

ავსტრალიამ ვაქცინაციის პროგრამა გასულ კვირაში, Pfizer/BioNTech -ის ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და დღეიდან პროგრამაში AstraZeneca-ს ვაქცინაც უნდა ჩაერთო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S