Accentnews.ge
დეკანოზი ილია პუტინის ანტიქართულ განცხადებას პასუხობს

დეკანოზი ილია პუტინის ანტიქართულ განცხადებას პასუხობს

09/07/2019 18:22:11 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ანტიქართულ და პროპაგანდისტულ განცხადებასთან დაკავშირებით ვრცელ მართვას ავრცელებს:

“პასუხი ვ. პუტინის დღევანდელ ანტიქართულ განცხადებაზე

ბატონო პრეზიდენტო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მინდა პასუხი გაგცეთ თქვენს დღევნდელ განცხადებაზე: სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იცით ისტორია, ან განზრახ ცრუობთ: 1774 წელს რუსეთის იმპერიას შეუერთდა ოსეთი, მაგრამ ეს იყო დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა. იმ პერიოდში არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებულა, იმ ტერიტორიას, რასაც თქვენ, კოლონიზატორმა რუსებმა “სამხრეთ ოსეთი” უწოდეთ, საქართველოს გულის გული “შიდა ქართლი” გახლავთ, ქართული კულტურის უძველესი კერა. არავითარი ორი ოსეთი არ არსებულა ბუნებაში, ოსური დიასპორა მე-17 საუკუნეში გადმოლახავს კავკასიონის წყალგამყოფ ქედს და სახლდება ქართველთა სამეფოს მიწაზე, ჯავაში. ხოლო ცხინვალში მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი, ერთი ოსური ოჯახიც არ იყო, იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, ასევე სომხები და ებრაელები. ცხინვალის გაოსება ბოლშევიკური რუსეთის დამსახურებაა. მოკლედ, რომ გითხრათ: ცხინვალის რეგიონი 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყობის დროს, ქართლ-კახეთის სამეფოს ისეთივე ნაწილი იყო, როგორც თბილისი, გორი, მცხეთა და თელავი.

რაც შეეხება აფხაზეთს: დიახ, 1810 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ აფხაზეთი შეიერთა, ის იყო თვითმმართველი სამთავრო, ოსმალეთის იმპერიის ვასალი. თუმცა ეს საქართველოს პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლილობის და დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ოსმალური ოკუპაციის შედეგი იყო და არა იმის, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის. განა რუსეთი არ იყო წვრილ-წვრილ დამოუკიდებელ სამთავროებად დაშლილი მე-15 საუკუნემდე? ეს განა გასაკვირია თქვენი ისტორიის მქონე ერისათვის?! აფხაზეთი ქართული კულტურის აკვანი და სახელმწიფოებრიობის აკვანია. აფხაზეთის მეფის წოდებით იწყებოდა წმ. დავით აღმაშენებლის და წმ. თამარ მეფის ოფიციალური ტიტულატურა.

თქვენი პოლიტიკურ-იმპერიალისტური ამბიცია და გაუნათლებლობა ისტორიის საკითხებში საცნაურია ჩვენთვის, ხოლო თქვენთვის საცნაური უნდა გახდეს ის, რომ

ქართველი ერი არასოდეს გაპატიებთ მისი ტერიტორიული საზღვრების ხელყოფას, ქართული მიწების ოკუპაციას. დაიმახსოვრეთ: თქვენ ვერ გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენი მონა-მსახური კოლაბორაციონისტი და გამყიდველი ქართველები, ისინი ერის დამპალი, მორალურად გაკოტრებული უმცირესობაა, რომელთა მდგომარეობა ძალიან მყიფეა! საქართველომ თავისი მრავალ ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი მტერი მოინელა, მათ შორის მსოფლიო ტირანები მურვან ყრუ, ალაფარსლანი, ჯალალ-ედ დინი, თემურ-ლენგი, შაჰ-აბას I, და თქვენც მოგინელებთ!".

ცნობისთვის: დღეს ვლადიმირ პუტინი ისტორიის გადაწერას და საზოგადოებისთვის რუსული ვერსიის მიწოდებას შეეცადა. ჟურნალისტებმა მას საქარველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ დაუსვეს კითხვა, პუტინმა კი შემდეგი პასუხი გასცა:

„სრულფასოვნად რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე, ბევრი დრო დასჭირდება. მოკლედ მაინც გეტყვით, როგორი დამოკიდებულება მაქვს ამასთან. იმისთვის გასაგები რომ იყოს, მე რითი ვხელმძღვანელობ, ცოტა წარსულში უნდა ჩავიხედოთ, ისტორიაში. უყურეთ: ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (მგონი სწორად მახსოვს) 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. მოგვიანებით მოვლენები მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში - ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის შემადგენლობაში (არავითარი საქართველო არ იყო, ტიფლისის გუბერნია). აფხაზეთი ვითარდებოდა შემდეგნაირად: როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია. კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება, თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ურთიერთობის მოგვარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან. საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც არ იყო. სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი და სხვათა შორის, ჩვენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამას რატომღაც არასდროს აქცევენ ყურადღებას. ეს გასაკვირიც არის, მაგრამ სტალინის ბრძანებით „ენკავედემ“ ბერიას ხელმძღვანელობით ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ, ძალიან მკაცრი, ახლა არ მინდა ამის მოყოლა (გახმოვანება) - საქართველოს მიერ ამ ტერიტორიის ჩასაყლაპად და აფხაზი ხალხის. ეს მძიმე მემკვიდრეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ სრულად უგულვებელყო თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც საერთოდ გააუქმა ყოველნაირი ავტონომია, აჭარისაც, აფხაზეთისაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი. თავის დროზე მე ვარწმუნებდი სააკაშვილს, ვეუბნებოდი მას, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ. ამერიკელებს იგივეს ვეუბნებოდი. მეთანხმებოდნენ - კი, კი არავითარ შემთხვევაში და რა ქნეს? - წავიდნენ იქ ომით და შედეგი დღეს ეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები - აფხაზეთისაც და სამხრეთ ოსეთისაც. რისთვის ვამბობ ამ ყველაფერს. ეს ანტირუსული განწყობები წაქეზებულია (გაბერილია, აგორებულია) საქართველოში იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც ან არაფერი იციან, ან იციან და უგულვებელყოფენ და საბოლოოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თვით საქართველოს და ქართველ ხალხს. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. გინებაც, ლანძღვაც ამის გამოვლინებაა. ამიტომ ამ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სერიოზული, ღრმა. არ არის საჭირო რეაგირება ვიღაც ნაძირლების გარეგნულ გამოვლინებებზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S