რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენის გამო სლოვაკეთში მთავრობა დაშლის საფრთხის წინაშეა
03/03/2021 18:40:07 მსოფლიო
რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V შეძენის გამო სლოვაკეთში მთავრობა დაშლის საფრთხის წინაშეა. მმართველი 4–პარტიული კოალიციიდან პარტია "ხალხისთვის" მთავრობის დატოვებით იმუქრება, ხოლო კიდევ ერთი პარტია "თავისუფლება და სოლიდარობა" მინისტრთა კაბინეტის შეცვლას მოითხოვს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი, რომელიც "თავისუფლებისა და სოლიდარობის" პარტიას წარმოადგენს, აცხადებს, რომ "Sputnik V არ არის უბრალოდ ვაქცინა, ეს არის ჰიბრიდული ომის იარაღი, რომელიც გვყოფს ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ".
მისი თქმით, რუსეთისგან ვაქცინების შეძენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სლოვაკეთის საგარეო პროდასავლურ კურსს.
აღნიშნულის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა რუსული ვაქცინის შეძენის გამო თავი იმართალა:
"ქვეყანამ მიიღო რუსული ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის ევროპული შესაბამისი სააგენტოს მიერ ავტორიზებული. მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის წარმომავლობას, მთავარია, რომ ის ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრობლემის ევროპულ გადაწყვეტაზე იყოს დამოკიდებული”.
2 მარტს სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში რუსული ვაქცინა Sputnik-ის 200 000 დოზა ჩაიტანეს. ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. სლოვაკეთი არის ევროკავშირის რიგით მეორე ქვეყანა უნგრეთის შემდეგ, რომელიც მოსახლეობის ასაცრელად რუსული ვაქცინის გამოყენებას იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) არ დაუმტკიცებია.


