ტეხასსა და მისისიპში ბიზნესი სრული დატვირთვით გაიხსნება და პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება
03/03/2021 06:14:03 მსოფლიო
აშშ-ის ტეხასის შტატში 10 მარტიდან ბიზნესი სრული დატვირთვით გაიხსნება და პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
შტატის გუბერნატორ გრეგ აბოტის თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაზრდილი ტემპით და "კოვიდ 19"-ის მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებით, შტატი ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია.
”ძალიან ბევრ ტეხასელს ხელი შეეშალა დასაქმებაში. მცირე ბიზნესის ძალიან ბევრ მფლობელ გადასახადების გადახდისათვის ბრძოლა უწევდა. ეს უნდა დასრულდეს,“- აღნიშნა აბოტმა.
აბოტის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ მისისიპის გუბერნატორმა ტეიტ რივზმა განაცხადა, რომ შტატში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.
”ხვალიდან ჩვენ ვაუქმებთ პირბადის ტარების ვალდებულებას და ბიზნესს შეეძლება სრული დატვირთვით, შტატის მიერ დაწესებული წესების გარეშე იმუშაოს,” - განაცხადა რივზმა.
აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ პანდემია შორსაა დასრულებისგან და შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში იმსხვერპლა.


