"მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენთან ვაქცინაციის დაწყება"
26/02/2021 11:47:57 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის "დროული რეაგირებით", ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა კორონავირუსს გამკლავებოდა, ხოლო "ვაქცინის დეფიციტმა მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება გაართულა".
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ "ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა".
"წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ. მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს", - აცხადებს ღარიბაშვილი.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა ამჯერად პრეპარატის შემოტანის სავარაუდო ვადად მარტის პირველი ნახევარი სახელდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 გარდაიცვალა.


