Accentnews.ge
ევროკავშირი დასავლეთში წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში ექსპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს

ევროკავშირი დასავლეთში წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში ექსპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს

26/02/2021 08:54:51 მსოფლიო

ევროკავშირი დასავლეთში წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში ექსპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს.

"თუ ვაქცინების მწარმოებლები, მათ შორის “ასტრაზენეკა”, ევროპის ქვეყნების მომარაგებასთან დაკავშირებით კონტრაქტებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტი ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში აიკრძალება", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ვინ სად ახორციელებს ექსპორტს.

"ჩვენ გვინდა, დავინახოთ, ვინ სად ახორციელებს ექსპორტს. თავიდანვე ძალიან ნათლად განვაცხადე, რომ ეს არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ისმის კითხვა: "კომპანია, რომელიც ევროპაში წარმოებული ვაქცინის ექსპორტს ახორციელებს, პატივს სცემს თავის კონტრაქტს ევროკავშირთან?" ევროკავშირის შიგნით დამზადებული და შემდგომ ექსპორტირებული ვაქცინების 95% “ფაიზერზე” მოდის, დანარჩენი – “მოდერნაზე”. ორივე კომპანია პატივს სცემს ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებებს და აქედან გამომდინარე, მათთან მიმართებით ექსპორტზე შეზღუდვები არ არსებობს. რაც შეეხება "ასტრაზენეკას”, მის მიერ განხორციელებულ ექსპორტს ყურადღებით ვადევნებთ თვალს", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს დეფიციტი "ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინებით მომარაგების კუთხით.

The Guardian-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 8%-ია აცრილი, ბრიტანეთში კი ეს მაჩვენებელი 27%-ს აღწევს.

ცნობისთვის: კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ევროპაში 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. დასავლეთში წარმოებული ვაქცინების უმეტესობა სწორედ მდიდარმა ქვეყნებმა დაირეზერვეს, ღარიბ ქვეყნებს კი ამ დრომდე იმის საშუალება არ აქვთ, რომ მედპერსონალი აცრან.

საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა ამჯერად პრეპარატის შემოტანის სავარაუდო ვადად მარტის პირველი ნახევარი სახელდება. რაც შეეხება კომპანიებს, ქვეყანა პირველ ეტაპზე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 30 000–მდე დოზას “ფაიზერისგან" ელის, ვაქცინის უმეტეს დოზას კი – "ასტრაზენეკადან".

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 109 677 179 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 418 815 ადამიანი იმსხვერპლა. 84 216 997 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S