ერევნის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ (ვიდეო)
25/02/2021 13:36:50 მსოფლიო
სომხეთის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ, – იუწყება სომხური მედია.
მისივე ცნობით, ვიდეომასალაში ჩანს, რომ „სუ 30“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ერევნის თავისუფლების მოედნის მახლობლად ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა.
ამ წუთებში სომხეთის დედაქალაქში ორი აქცია მიმდინარეობს. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ფაშინიანმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, თანამდებობიდან გაათავისუფლა გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი და მომხრეებს „რესპუბლიკურ მოედანზე“ შეკრებისკენ მოუწოდა.
ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ფაშინიანი გუშინდელი განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმად, "ისკანდერები" რომლებიც რუსეთისგან იყო შესყიდული, ბრძოლისუუნარო აღმოჩნდა".
სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო.
დღესვე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკოლ ფაშინიანის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნაზე მათი პოზიცია უცვლელია.


