„აშშ–ის პრეზიდენტს მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც ნიკა მელიამ გააკეთა“

24-02-2021 18:33:54 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი კრიტიკული პოლიციის გამო აკრიტიკებს.

„ჩვენი და მისი [ადამ კინზინგერის] პოზიცია ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, მისი კრიტიკის ობიექტები გავხდით. თუმცა ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, როდესაც მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში, როდესაც ის აკრიტიკებდა და მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც საქართველოში ნიკა მელიამ გააკეთა“,– განაცხადა „ფორმულას“ ცნობით მდინარაძემ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, სანქციებს არ განიხილავს, თუმცა შესაძლოა, აშშ-ის პოზიტიური ინიციატივები "უკან წაიღონ".

"არ ვფიქრობ, რომ წკეპლის, სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ახლა იქ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, რომლებიც გვაქვს. მაგალითად, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამის წინ წაწევა ძალიან გართულდება, თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ. მე საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ახლო თანამშრომლობა მსურს. ეს არ მოდის სიბრაზიდან, ეს მოდის იმედიდან, რომ წარმატება იქნება", - განაცხადა ადამ კინზინგერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, "საქართველოს მთავრობა ძალიან ცუდ მესიჯს გზავნის".

"მე ძალიან მაშფოთებს დემოკრატიისგან დაშორება და ავტორიტარიზმისკენ სვლა. ახალ პრემიერზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა ნათელია, რომ წინა პრემიერ–მინისტრისთვის მისაღები არ იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ეს ბევრს ამბობს განსხვავებებზე პარტიის შიგნით. ვისაც არ უნდა მიეღო დაკავების გადაწყვეტილება, იქნება ეს მთავრობის მაღალ დონეზე თუ ხელოვნურად მაღალ დონეზე, ვინც არ უნდა იყოს, საჭიროა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ აქვთ მათ უფლება, ასეთი ნაბიჯი გადადგან და რას ეფუძნება ეს. ჩვენ არ უნდა წარმოავდგენდეთ ქვეყნებს, რომელსაც პიროვნებები მართავენ, არამედ ქვეყნებს, რომელიც კანონით იმართება", – განაცხადა კინზინგერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები