ჩუგოშვილი: „ვფიქრობ, ინდივიდუალური სანქციები სულ უფრო რეალური ხდება“

24-02-2021 16:58:51 პოლიტიკა

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამობობს, რომ თუ წარსულში საქართველოს კონტექსტში სანქციებზე საუბარი წარმოუდგენლად მიაჩნდა, ახლა საქმე ამგვარად აღარაა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის შეფასებისას ისაუბრა.

„ან ეს კრიტიკა უნდა გავიაზროთ, რაღაც ნაბიჯები გადადგას ხელისუფლებამ, რომ როგორღაც ურთიერთობა დაალაგოს (წინა ჯერზე ეს ნაბიჯები გადადგა – დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რეფორმა გაატარა. ამჯერად უფრო რთულად აქვს საქმე: მეორე მხარე მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, შესაბამისად, მოლაპარაკების სივრცე ნაკლებია), ან უნდა გააგრძელოს ჯიუტად ამ მდგომარეობაში ყოფნა, ხისტი რიტორიკის გამოყენება, მეტი პოლარიზაციის შექმნა ქვეყანაში. მათი [პარტნიორების] მხრიდანაც ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება. სანქციებზე საუბარი რაღაც პერიოდის წინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ახლა კი სულაც არ მეჩვენება წარმოუდგენელი. ვფიქრობ, სულ უფრო რეალური ხდება ინდივიდუალური სანქციები. იმედი მაქვს, ქვეყნის სანქცირებაზე ლაპარაკი არასდროს არ იქნება, აქამდე არ მივალთ. ინდივიდუალურ სანქციებზე შესაძლოა, მართლაც მიდგეს ჯერი“,– ამბობს ჩუგოშვილი.

მან მოვლენათა შესაძლო განვითარების კიდევ ერთ, მძიმე სცენარზე ისაუბრა:

„ან ვაგრძელებთ შიდა ომებს, არ ვაქცევთ პარტნიორებს ყურადღებას და ვამთავრებთ იმით, რომ პარტნიორები გვეუბნებიან, „არ გინდათ დასავლურ სივრცის ნაწილად ყოფნა“ და ხელს ჩაიქნევენ. ყველაზე ცუდი ვერსია არის ის, რომ ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან: ჩვენ უფრო გვჭირდება ისინი, ვიდრე მათ – ჩვენ. ეს ყველამ უნდა გაიაზროს. შესაბამისად, ხელწამოკვრით იმის კეთება, რამაც შესაძლოა, ეს ურთიერთობები დააზიანოს, ძალიან სახიფათოა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები