"მელია დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაში იქნება ქვეყნის NATO–სა და ევროკავშირში მისწრაფებებთან"

24-02-2021 13:42:24 პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავება უფრო მეტად პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰგავს, ვიდრე სამართლიანობის აღსრულებას. იგი ყურადღებას ამახვილებს მელიას საქმის კონტექსტზე: გამოძიების დაწყების მიზეზებს და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს, რა დროსაც კონკრეტული საქმე კვლავ გახდა აქტუალური.

ჰერბსტი "აქცენტთან" საუბრისას ბოლო 18 წლის განმავლობაში დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოს განვითარებას მიმოიხილავს და აცხადებს, რომ "უკანასკნელ წლებში ზოგჯერ ავტორიტარული მიმართულებით გადახრა უფრო აშკარა იყო".

"ბოლო 18 წელიწადია, საქართველო ჩამოყალიბდა ერთგვარ მწვავე დემოკრატიად, რომელიც ზოგჯერ ავტორიტარულ მიმართულებას იბრუნებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგჯერ ავტორიტარული მიმართულებით გადახრა უფრო აშკარა იყო. გასულ წელს "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო რეფორმის თაობაზე მნიშვნელოვან კომპრომისს მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპეტენტური საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, იყო ხარვეზები, თუმცა არა ისეთი, რომ არჩვენების შედეგები შეეცვალა, სამწუხაროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ სცნო. დღეს საქართველოს მთავრობამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავება გადაწყვიტა იმ ბრალდებით, რომელიც ორი წლის წინ რუსი პარლამენტარების თბილისში ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ მელიას საქმე უბრალოდ სამართლიანობის აღსრულების საკითხია, ეს უფრო მეტად პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰგავს. მაკვირვებს ის ფაქტი, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და აღნიშნული მელიას საქმეს უკავშირდებოდა", – აცხადებს ჰერბსტი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მელია და "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკური კონკურენციის მართვისთვის დემოკრატიული საშუალებები მოძებნოს".

ჰერსტი დემოკრატიული კულტურის ეფექტურად ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "საქართველოში (და ყველგან) დემოკრატიული კულტურა უკეთ უნდა ამუშავონ":

"საქართველოს მთავრობის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტი კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გამარჯვება არ არის. საქართველოში ორივესთვის (ხელისუფლება და ენმ) სამწუხარო დღეა. დემოკრატიული კულტურა ადვილი მისაღები და პრაქტიკაში ადვილად გამოსაყენებელი არ არის. საქართველოში (და ყველგან) დემოკრატიული კულტურა უკეთ უნდა ამუშავონ. ამასთან, მთავრობას აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, საპოლიციო ძალები ბოროტად არ გამოიყენოს".

იგი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანას ამ მისწრაფებების გზაზე კარგს არაფერს მოუტანს.

"ბატონი ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება შესაბამისობაში იქნება ქვეყნის NATO–სა და ევროკავშირში მისწრაფებებთან. საქართველოს NATO–სა და ევროკავშირში მისწრაფებები მხარდაჭერის ღირსია, რადგან ეს ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა. თუმცა თუ იგი კვლავ ავტორიტარიზმს დაუბრუნდა, საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდი იქნება", – დასძინა ჰერბსტმა.

ცნობისთვის: 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები