ევროკავშირი ნავალნის გამო სანქციებს 4 რუს მაღალჩინოსანს დაუწესებს

22-02-2021 19:13:19 მსოფლიო

ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ალექსეი ნავალნის დაკავების გამო 4 რუს მაღალჩინოსანს პერსონალურ სანქციებს დაუწესებენ.

"როიტერის" ინფორმაციით, სანქციები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორსა და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს დაუწესდებათ.

აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ერთი წლით აეკრძალებათ და ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ე.წ. „ივ-როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და თავისუფლების 3.5 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა, რასაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციების დაშლის დროს სამართალდამცავებმა ათასობით ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები