ნიგერში საპრეზიდენტო არჩევნებისას საარჩევნო კომისიის შვიდი თანამშრომელი მოკლეს

22-02-2021 10:48:58 მსოფლიო

ნიგერში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს საარჩევნო კომისიის შვიდი თანამშრომელი მოკლეს,– იუწყება „როიტერი“ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით.

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ცნობით, კომისიის კუთვნილი ავტომობილი, რომლითაც თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, ნაღმზე ააფეთქეს. შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ დარგოლში მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა საარჩევნო კომისიის სამი თანამშრომელი.

დარგოლი მალის საზღვრიდან დაახლოებით 80 კილომეტრით არის დაშორებული, რომელიც საბრძოლო მოქმედებების კერაა. იანვარში საზღვრისპირა ორ სოფელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 100 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა.

დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ხშირია ექსტრემისტი ისლამისტების თავდასხმები. როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყნის მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოება გააძლიერა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტიის კანდიდატი მუჰამედ ბაზუმი და ყოფილი პრეზიდენტი მაჰამან ოსმანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები