ისრაელმა ეკონომიკა გახსნა
21/02/2021 20:01:25 მსოფლიო
ისრაელმა გახსნა ეკონომიკის და საჯარო სერვისების ფართო სფეროები: 21 თებერვალს ისრაელში მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს, სკოლების საშუალო კლასებს და საჯარო მომსახურების სხვა უწყებებს უფლება მისცეს ხალხის შეზღუდული რაოდენობა მიეღოთ. სავარჯიშო დარბაზები, სასტუმროები და თეატრები გაიხსნა მათთვის, ვისაც ე.წ. "მწვანე საშვის" წარმოდგენა შეუძლია - რაც ნიშნავს, რომ მათ ვაქცინაციის პროცესი სულ მცირე, ერთი კვირის წინ დაასრულეს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა თითქმის 99%–ით ეფექტიანია კორონავირუსით დაავადების მძიმე ფორმების და სიკვდილიანობის პრევენციაში. პრეპარატის შესახებ ეს მონაცემები ერთ-ერთი პირველია, რომელიც მისი რეალური, მასობრივი მოხმარებიდან არის მიღებული.
ისრაელში 9 მილიონი ადამიანიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა თითქმის ნახევარს აქვს მიღებული, 2.9 მილიონ მოქალაქეს კი უკვე ორივე დოზა გაუკეთდა. ისრაელი მარტის ბოლომდე გეგმავს 16 წლის ასაკზე ზემოთ ყველა მოქალაქის აცრას.


