აშშ ბირთვული შეთანხმების განახლების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
19/02/2021 05:13:03 მსოფლიო
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მზად არის, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ვიდეო შეხვედრაზე განაცხადა:
„თუ ირანი დაუბრუნდება ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს, შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს და მზად არის, ამ მიზნით ირანთან დისკუსიებში ჩაერთოს”.
განცხადების პასუხად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან ქვეყანაში გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეზღუდავს, იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სხვა მხარეები არ ითანამშრომლებენ მასთან.
ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20% -მდე გამდიდრება განაახლოს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.


