
რა ხდება პრემიერ–მინისტრის გადადგომის შემდეგ
18/02/2021 08:01:22 პოლიტიკა
საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
- თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-3).
- ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-5).
- თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-3).
ცნობისთვის: გიორგი გახარიამ 18 თებერვლის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს პრემიერ–მინისტრის თანამდებობას, რადგან აზრთა სხვადასხვაობა აქვს ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით.
18 თებერვალს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 19 თებერვალს პოლიტსაბჭო შეიკრიბება და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი დასახელდება:
„ჩვენი გუნდის ყურადღება იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. რომელიც დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“.