პენტაგონი: “რუსეთი ნატო-სთვის საფრთხეა, თუმცა აშშ აიძულებს მოსკოვს, პასუხი აგოს უგუნურ და აგრესიულ ქმედებებზე”
17/02/2021 16:04:55 მსოფლიო
რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრისთვის, აშშ-ის ჩათვლით, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
«რუსეთი ძირს უთხრის გამჭვირვალეობასა და პროგნოზირებადობას. მოსკოვი თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ახორციელებს პროქსი-ჯგუფების მხარდაჭერას, თესავს ქაოსსა და ეჭვებს, რითაც ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს. სახეზეა რუსეთის სწრაფვა, თავისი ავტორიტარული მიდგომით გაანადგუროს მთელს მსოფლიოში უსაფრთხოება და სტაბილურობა”, - აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.
აშშ, თავის მხრივ, გააგრძელებს თავისი ინტერესების გატარებას და “აიძულებს რუსეთს, პასუხი აგოს უგუნურ და აგრესიულ ქმედებებზე” – აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამერიკული მხარე გეგმავს, რუსული საფრთხის საკითხი ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის ვიდეო-მინისტერიალზე დააყენოს.
ცნობისთვის: 2020 წლის ბოლოს ნატო-მ წარმოადგინა სტრატეგიული ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთი ალიანსის წევრი ქვეყნების საზღვრების სიახლოვეს “დაშინების სამხედრო ოპერაციებს” ატარებდა.
ორიოდ დღის წინ კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ “ალიანსი მზადაა რუსეთთან როგორც თანამშრომლობისთვის, ისე კონფრონტაციისთვის”.


