ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის არსებობას უარყოფს, კომპანიიდან Pfizer ვაქცინის შექმნის ტექნოლოგიის მოპარვა სცადა
16/02/2021 10:58:22 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც დღემდე ქვეყანაში Covid-19-ის არსებობას უარყოფს, კომპანიიდან Pfizer კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ტექნოლოგიის მოპარვა სცადა, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეულ კომპანიებზეც სცადა ჰაკერული თავდასხმა, თუმცა სპეციალურმა სამსახურებმა ფხენიანიდან განხორციელებული ყველა შეტევა აღკვეთეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეა კომპანია AstraZeneca-Oxford მიერ შექმნილი ვაქცინის დაახლოებით 2 მილიონ დოზას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიიღებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 109 677 179 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 418 815 ადამიანი იმსხვერპლა. 84 216 997 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 259 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 377 გარდაიცვალა.


