გაერთიანებულ სამეფოში Covid-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტირებული სახეობა აღმოაჩინეს
16/02/2021 05:23:14 მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში Covid-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტირებული სახეობა აღმოაჩინეს.
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ახალი შტამის B1525 გენომი ქვეყანაში უკვე დაფიქსირებული Covid-19-ის ვარიანტის (B117) მსგავსია. თუმცა მათი თქმით, შემაშფოთებელი ფაქტი არის ის, რომ B1525–ის ცილა შეიცავს ისეთ მუტაციებს, როგორიცაა E484K. აღნიშნული მუტაცია სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ სახეობებში ფიქსირდება.
ბრიტანელი მეცნიერების თქმით, B1525 შტამი გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე 10–მდე ქვეყანაშია გავრცელებული. სადღეისოდ სულ 32 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის დანიაში – 35, ნიგერიაში – 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. ასევე ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში.
სპეციალისტების ცნობით, Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული სახეობა უფრო პრობლემურია, ვიდრე ბრიტანული B117. როგორც გუშინ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, "Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული სახეობა რეინფიცირებას იწვევს, თუმცა ვაქცინა ამ ახალი შტამის მიმართ უფრო ეფექტურია":
"Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული სახეობა უფრო პრობლემურია, ვიდრე კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი. სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პირი Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამით დაინფიცირდა. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანს უკვე გადატანილი გაქვს Covid-19, არ ნიშნავს რომ იგი დაავადებით ხელახლა არ დაინფიცირდება. თუმცა გარკვეულწილად საიმედო ამბავი ისაა, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირებისგან უფრო უკეთ იცავს, ვიდრე Covid-19–ით ინფიცირებისგან".
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 109 677 179 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 418 815 ადამიანი იმსხვერპლა. 84 216 997 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 გარდაიცვალა.


