ჯანმო–მ AstraZeneca–ს ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა
15/02/2021 17:15:13 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca–ს ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის დისტრიბუცია „კოვაქსის“ პლატფორმითაც განხორციელდება.
ჯანმო–ს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ვაქცინის წარმოებას დახვეწა სჭირდებოდა, რომ მისი ფართოდ გავრცელება მომხდარიყო.
„ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა, იმისთვის რომ ვაქცინის სწრაფი დისტრიბუცია მოხდეს“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Oxford/ AstraZeneca–ს ვაქცინით აცრის რეკომენდაცია ყველა ასაკის ზრდასრული ადამიანისთვის გასცა და განმარტა რა წესის დაცვით აჩვენებს ვაქცინაცია მაღალ ეფექტიანობას.
"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინით აცრა ყველა ასაკის ზრდასრულ ადამიანს შეუძლია. ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორ დოზად. პირველ და მეორე აცრებს შორის შუალედი 8–დან 12 კვირამდე უნდა იყოს. ვაქცინის ეფექტურობა არის მაღალი, როდესაც მეორე დოზა მოგვიანებით კეთდება. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ძალიან მაღალი ეფექტურობა, თუ ჯანმო–ს რეკომენდაციას მიყვებით, რომელიც აცრებს შორის 8–დან 12 კვირამდე შუალედის დაცვას ითვალისწინებს", – ნათქვამია ჯანმო–ს "ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ "კოვაქსის" პლატფორმის მონაცემების თანახმად, ქვეყნების უმეტესობა სწორედ AstraZeneca–ს ვაქცინას მიიღებს.
"კოვაქსის" პლატფორმა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „კოვაქსის“ მექანიზმით, დაგეგმილია Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების 330 მილიონი დოზის მიწოდება მსოფლიოს 145 ქვეყნისთვის. ვაქცინების მიწოდება თებერვლიდან დაიწყება. „კოვაქსის“ პროგნოზით, ქვეყნებში ვაქცინების დისტრიბუცია ივნისამდე უნდა დასრულდეს. თითოეულ ქვეყანაში სავარაუდოდ, მოსახლეობის 3,3 პროცენტი აიცრება.
პლატფორმის ოფიციალური წევრობა ამარტივებს ვაქცინების პირდაპირ მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. "კოვაქსის" წევრ ქვეყნებში საქართველოცაა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანას "კოვაქცის პლატფორმიდან, საერთო ჯამში, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით1 400 000 დოზა ეკუთვნის.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 109 396 042 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 411 688 ადამიანი იმსხვერპლა. 81 490 377 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 გარდაიცვალა.


