ევროკავშირ–რუსეთის ურთიერთობა მწვავე ფაზაში გადადის: „ლავროვმა წითელი ხაზი გადაკვეთა“

12-02-2021 18:20:56 ანალიზი

ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადადის: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ბრიუსელში იმედგაცრუებული დაბრუნდა. 7 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ მოსკოვში არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო ალექსეი ნავალნის დაპატიმრება და რიგი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

ბორელი საუბრობს “აგრესიაზე”, რომელსაც მოსკოვში გადააწყდა და ევროპელი დიპლომატების გაძევებაზე, რომელიც დროში დაემთხვა მის ვიზიტს. საპასუხო კომენტარი უკვე გაავრცელა რუსულმა სახელმწიფო მედიამ: მოსკოვში არ ეთანხმებიან ბორელის შეფასებებს და აღნიშნავენ, რომ მას სრული თავისუფლება ჰქონდა, რუს კოლეგებთან სასურველ საკითხებზე ესაუბრა.

“ლავროვთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ ევროპა და რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. რუსეთი დემოკრატიულ ფასეულობებში ეგზისტენციურ საფრთხეს ხედავს”,– განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და არც სანქციების დაწესება გამორიცხა. საპასუხოდ ლავროვი ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტით დაიმუქრა.

“ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მზად ვართ [ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის]. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ დავინახავთ სანქციებს დაწესებას ზოგიერთ სექტორში, რომლებიც რისკებს ქმნიან ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. რუსეთს არ სურს გლობალური ცხოვრებისგან იზოლირება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მშვიდობა გსურთ, მოემზადეთ ომისთვის”.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი „აქცენტთან“ ამბობს, რომ მსგავსი მიდგომით რუსეთმა და უშუალოდ ლავროვმა ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის კონსოლიდაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გატარების მიმართულებით.

ჩეჩელაშვილი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ორ უხეშ შეცდომაზე მიუთითებს:

„უნდა გავითვალისწინოთ, რა გარემოში გააკეთა ეს განცხადება [კრემლის პროპაგანდისტ სალავიოვთან]. ისეთი გარემო იყო შექმნილი, თითქოს ლავროვისგან მსგავს ხისტ განცხადებას მოითოვდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და „წითელ ხაზებს“ გადააბიჯა. რუსეთი გაცილებითაა დამოკიდებული ევროკავშირზე, ვიდრე პირიქით: რუსეთის ნავთობის და ბუნებრივი აირის ძირითადი ბაზარი, საიდანაც ის მისი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს იღებს, სწორედ ევროკავშირია. ევროკავშირს კი ალტერნატივები აქვს. მეტიც, ევროკავშირი გეგმავს ნავთობისა და გაზის უკიდურესად შემცირებას. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, სურსათს, ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებული არაა, რუსეთი კი პირიქით – მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. შესაბამისად, ევროკავშირი გაცილებით სჭირდება რუსეთს, ვიდრე რუსეთი – ევროკავშირს. იგივე დაადასტურა პუტინის პრეს–სპიკერმა პესკოვმაც ლავროვის განცხადებიდან რამდენიმე საათში, როდესაც თქვა, რომ „ლავროვის გამონათქვამი სწორად არ იყო გაგებული და რომ რუსეთი ევროკავშირთან კონფრონტაციას არ გეგმავს და მზადაა, კონსტრუქციული ურთიერთობები გააგრძელოს, თუ თავად ევროკავშირი არ გაწყვეტს ურთიერთობებსო“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლავროვის მსგავს გამოცდილ დიპლომატსაც კი მოსდის შეცდომა და ვფიქრობ, თავადაც ნანობს: ლავროვს კარგად ესმის, რომ რუსეთის პრობლემები გამომდინარეობს იქედან, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს. მან იცის, ვის მხარესაა სიმართლე“.

რაც შეეხება ჩეჩელაშვილის შეფასებით, კიდევ ერთ უხეშ შეცდომას, ეს ბორელის მოსკოვში ვიზიტს უკავშირდება:

„ლავროვი ძალიან კარგად გათვლილი გეგმით დახვდა, დაამცირა, შეუქმნა პრობლემები და უკუშედეგი მიიღო: ბორელი, რომელიც ცივილიზებული ევროპელი დიპლომატია, რომელიც ყოველთვის გამოსავალს ეძებს, უკიდურესად რუსეთის წინააღმდეგ განაწყო. ეს იყო ორი უხეში შეცდომა, რამაც რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, დააზიანა ურთიერთობა ევროკავშირთან, მეორეს მხრივ – ლავროვმა გააკეთა მეტი, ვიდრე მისგან კრემლი ელოდა. ერთადერთი ახსნა მაქვს: ლავროვს ესმის რომ კრემლის და პირადად მისი პოზიცია მცდარია და აქედან გამომდინარე ხდება რყევები, რასაც მისი პოზიცია „წითელი ხაზებს“ მიღმა გადაჰყავს. კრემლიც იძულებული გახდა, ამაზე პირდაპირ მიუთითა მისთვის ევროკავშირის გასაგონად“.

ჩეჩელაშვილი ელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება:

„ვფიქრობ, მსგავსი მიდგომით რუსებმა ევროკავშირის პოზიციის მეტი კონსოლიდაცია მოახდინეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თვალსაზრისით. ამ სანქციების პოლიტიკის გაძლიერების მომხრე ახლა თავად ბორელი იქნება. ძალიან ეფექტური იქნებოდა, პერსონალური სანქციები ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც პუტინის კაპიტალის შენიღბვის ინსტრუმენტებად გამოიყენებიან: როტენბერგი, აბრამოვიჩი და ა.შ. – საუბარია ასეულობით მილიარდ დოლარზე. ეს იქნება ძალიან მტკივნეული დარტყმა რუსულ ელიტაზე და გამოიწვევს მის რღვევას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები