«ჩვენ ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ» - ენერგეტიკული მინისტერიალი ბაქოში

12-02-2021 14:18:10 კავკასია

ბაქოში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაზის სამხრეთკავკასიური დერეფნის პროექტის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

აზერბაიჯანული სააგენტო "Trend"-ის ცნობით, სხდომა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი და იტალია), რომელმაც სამხრეთკავკასიური დერეფნის პროექტის რეალიზებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კასპიის ზღვაზე სამუშაოდ უცხოური ნავთობკომპანიები მიიწვია.

«1999 წელს ჩვენ ექსპლუატაციაში გავუშვით მილსადენი, რომელიც ბაქოდან ქართულ პორტ სუფსამდე გადის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო შემდგომი ინვესტირების თვალსაზრისით, რადგან მანამდე მსოფლიო ბაზარზე გასასვლელი არ გვქონდა. აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამდენად, სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა მილსადენები. ამგვარად, 1999 წელს ჩვენმა მიღწევამ მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა. მოგვიანებით დავიწყეთ ჩვენი მუშაობის დაგეგმვა, რომელიც ძირითად ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს უკავშირდებოდა. იგი ექსპლუატაციაში 2006 წელს ჩაეშვა. ეს ნიშნავდა კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების შეერთებას», – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომლის შეფასებით, ბაქომ მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირებას მიაღწია.

«2007 წელს ჩვენ დავასრულეთ აზერბაიჯანიდან საქართველოში, იქიდან კი თურქეთში მიმავალი მილსადენის მშენებლობა. თავისთავად ესეც სიახლე იყო ისტორიაში – აზერბაიჯანმა გაზით მეზობელი ქვეყნების მომარაგება დაიწყო. და ბოლოს, 2012 წელს, ევროკავშირთან განცხადების ხელმოწერიდან წლების შემდეგ ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება თურქეთთან პროექტ TANAP-ის რეალიზების თაობაზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტის რეალიზების თვალსაზრისით. 2018 წელს TANAP-ის პროექტის რეალიზების დასრულების შემდეგ 2020-ში დასრულდა პროექტი ТАР-იც», – აღნიშნა ალიევმა.

სხდომაში საქართველოს ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც მიიღო მონაწილეობა.

«ჩვენ ყველანი ჭეშმარიტად ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ, როცა ჩვენი და რეგიონის ქვეყნების ოცნება - ევროპაში საქართველოს გავლით კასპიური გაზის მიწოდება რეალობად იქცა. უკვე ფუნქციონირებს არა მარტო სამხრეთკავკასიური გაზსადენი, რომელსაც საქართველოსთვის კეთილდღეობა მოაქვს. შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზის წყალობით წარმატებით ამოქმედდა პროექტი TANAP, ახლა კი - ტრანსადრიატიკული მილსადენიც (TAP)», — განაცხადა თურნავამ.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა კი შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში დაახლოებით მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტია დაგეგმილი, თურქეთში კი - სულ მცირე 8-ის.

გაზის სამხრეთ დერეფანი სამი მილსადენისგან შედგება: სამხრეთკავკასიური გაზსადენისგან (SCPX), ტრანსადრიატიკული TANAP-ისა და TAP-ისგან. ტრანსადრიატიკული გაზსადენით ხორციელდება შაჰ-დენიზის საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ევროპაში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის გავლით, ადრიატიკული ზღვის კვეთით კი მილსადენი აღწევს იტალიის სამხრეთ სანაპიროს. ევროპას 5 მლრდ-ზე მეტი კუბური მეტრი აირი მიეწოდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები