„დაპირისპირება ყველა მიმართულებითაა“ – ვინ ვის ებრძვის „ოცნებაში“

12-02-2021 13:24:45 პოლიტიკა ,ანალიზი

შსს–სა და რეგიონებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს პოლიტკის კომენტატორთა ნაწილი და ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდში დაპირისპირებისა და გავლენების გადანაწილების კონტექსში განიხილავს. თავად „ქართულ ოცნებაში“ ყოველგვარი დაპირისპირება რამდენიმეგზის უარყვეს, თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამჟამად სწორედ იმ მოვლენას ვადევნებ თვალს, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილი პარტიული თანამდებობის ოფიციალურად დატოვებისას შიშობდა.

„ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ლიდერები გვყავს. თუ ისინი ერთმანეთში არ დაიწყებენ საქმის გარკვევას, მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. ერთადერთი ეჭვი ეს მაქვს. თუ ეს ვერ მოახერხეს, თუ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება, შედეგი გაუარესდეს“,– განაცხადა ივანიშვილმა 12 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც შსს–დან გიორგი გახარიას კადრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო, გახარია რეგიონებში ცდილობს პოზიციების გაძლიერებას და სწორედ ამას უკავშირდება „ყოფილი ძალოვანების“ გუბერნატორებად გამწესება.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, „ტრიბუნას“ დამფუძნებლის დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით კი პარტიაში დაპირისპირება ყველა მიმართულებითაა. ის „აქცენტთან“ საუბრისას რამდენიმე ჯგუფს გამოყოფს:

  • თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის;
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის;
  • დედაქალაქის მერ კახა კალაძის;
  • პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის;
  • სასამართლოს.

„ღარიბაშვილს პარტიაშიც ჰყავს მხარდამჭერები რიგითი წევრების სახით. ირაკლი კობახიძე ცდილობს, მის ახალ თანამდებობრივ მდგომარეობას რეალური ძალაუფლება მოაყოლოს, რომელსაც ვფიქრობ, მას არც ღარიბაშვილი დაუთმობს და არც კალაძე. გააქტიურდა მეოთხე ძალაც – ღია სივრცეში გამოვიდა გახარია, სადაც ის ყველაზე ძლიერი მოთამაშეა, ლილუაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის და მისი კონტროლის გაძლიერებაც ცდილობს. ვფიქრობ, დღეს ყველაზე გავლენიანები და ცალკე მდგომები არიან არიან ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეები – სასამართლო და პროკურატურა. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს–ინტერესის ჯგუფები, რომლებიც პარტიას ფინანსურ უზრუნველყოფას უკეთებდნენ. საქართველოში ყველაზე ცოცხალი სფერო მშენებლობებია, რაც კალაძის მხრიდანაა მონოპოლიზებული: ნებართვების გაცემის თვალსაზრისით, არც ენერგეტიკიდანაა შორს დარჩენილი კალაძე, და ამ მიმართულებით თუ შევხედავთ ვითარებას, ბუნებრივი ინტერესი ჩნდება მათი ერთად ყოფნის“.

ჭიჭინაძე ერთგვარ პრევენციულ ღონისძიებად განიხილავს თბილისის მერიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის დაკავებებს, „კახა კალაძემ და ვანო ჩხარტიშვილმა არ გაბედონ ცალკე „თამაშიო“:

„ყველაზე სუსტი რგოლი გომელაური [შს მინისტრი – რედ.] მგონია: დღეს შსს–ს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია პოლიტიკურ თამაშებში, გააჩნია სუს–ს და ვფიქრობ, გრიგოლ ლილუაშვილმა შესაძლოა, მეტ–ნაკლებად გამანეიტრალებლის როლი ითამაშოს, რომ პროცესები ღია დაპირისპირებაში არ გადავიდეს, რადგან ეს მისთვის სერიოზული პრობლემა იქნება: თუ სისტემა მოირღვა, ყველა ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდება“.

ჭიჭინაძის ინფორმაციითა და დაკვირვებით, პოლიტიკურ არენაზე „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მოულოდნელად გამოჩნდა გიორგი გახარია, რომელიც თავის დროზე „საკუთარი გუნდის“ გარეშე განიხილებოდა:

„აღმოჩნდა, რომ გახარია პოლიტიკურად ყველაზე სწორად აზროვნებს: კულუარულ პოლიტიკას, სადაც წააგებდა, შეეშვა. მან საბანაძის [შს მინისტრის მოადგილე – რედ., რომელიც გახარიას კადრად განიხილება] „წაქცევის“ საშუალება არ მისცა: გახსოვთ, მედიაში მასთან დაკავშირებით „ამბავი ატყდა“, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, დიდი სკანდალი არ აგორდა, თანამდებობიდან ვერ მოხსნეს და გახარიას ეს რომ „გაუვიდა“, ახლა გუბერნატორებიც დანიშნა. უნდა ითქვას, რომ გახარია საკუთარი ავტორიტეტით ღია სივრცეში მეტად გავლენიანია: მას კორუფციული „შლეიფი“ არ მოჰყვება, მსხვილ სკანდალებში არაა გარეული და ვფიქრობ, ეს „ოცნებისთვის“ შემაშფოთებელი თემაა: ეგონათ გახარია „მონელებული“ ჰყავდათ, რომ ის უბრძოლველად დათმობდა პოზიციას და მარტისთვის ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გახარიას სხვა გეგმა აქვს. და თუ ახლა ის გაბედავს და მინისტრებსაც დანიშნავს, რა თქმა უნდა, რეალურად გავლენიანი ფიგურა გახდება და პარლამენტსაც დაიმორჩილებს ამ მინისტრების მეშვეობით, მით უფრო, რომ რომ „ოცნებაში“ მასთან ღიად დაპირისპირების რესურსი არავის აქვს. მას პარტნიორები პარტიის გარეთაც ჰყავს: მასთან თანამშრომლობა ბევრი ადამიანისთვისაა მისაღები – ბიზნესთან ჰქონდა ურთიერთობა როგორც ბიზნესომბუდსმენს, როგორც ეკონომიკის მინისტრს, შემდეგ შს მინისტრს და საკმაოდ გავლენიანს. მას აქვს შესაძლებლობა, პარტიის ტრანსფორმირება შეძლოს, „კობახიძეების“ გარეშე“.

ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ რიგი წევრებისთვის პრობლემებს ხედავს პარლამენტშიც:

„კობახიძისთვის დიდი პრობლემა გახდა წულუკიანი პარლამენტში, რადგან მის ერთპიროვნულ ბატონობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. როდესაც ერთი იწყებს საუბარს, ბევრი აჰყვება ხოლმე, ამიტომ შეეცდებიან წულუკიანი მალე გაიყვანონ პარლამენტიდან. თუ მას პოლიტიკაში დარჩენა სურს, არ გავა პარლამენტიდან: ყოველთვის აუმხედრებენ მას ცნობილ სპორტსმენებს, კულტურის მოღვაწეებს და ეს კრიმინალებთან ბრძოლა არაა –საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ცნობადი ადამიანებისკენ იხრება და წულუკიანი საკმაოდ კონფლიქტურად გამოჩნდება და მისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნება. უნდა ითქვას, რომ წულუკიანს არც კახიშვილი ჩამორჩება: იყო პირველი სიმპტომიც – ბანკებთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება. კახიშვილი და არც ყრილობას დაესწრო – კობახიძის თავმჯდომარეობას მხარი არ დაუჭირა. კახიშვილი პოლიტიკოსია, გრძნობს, პროცესები როგორ მიმდინარეობს და შესაძლოა ნაღმი იყოს პარლამენტში „ოცნებისთვის“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ გუნდში, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი აერთიანებდა, თუ ის რეალურად გავიდა პოლიტიკიდან, დაპირისპირება ბუნებრივი პროცესიცაა, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ უნდა აცნობიერებდნენ, რომ ამ ეტაპზე ურთიერთდაპირისპირება მათთვის ძალაუფლების დაკარგვასაც ნიშნავს:

„პოლიტიკურად რეალობას მოწყვეტილნი უნდა იყვნენ, რომ ძალაუფლების გადანაწილებაზე დაიწყონ ფიქრი. ამიტომ, არ მგონია, დაპირისპირებამ მნიშვნელოვანი განხეთქილების ფორმა მიიღოს“.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუ ზოგადი პოლიტიკური პროცესი ისევე წარიმართა, როგორც ამჟამად მიმდინარეობს და კატასტროფულად არ გაუარესდა სოციალური მდგომარეობა, დაპირისპირებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდება თვალსაჩინო.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ძაბირაძის ანალიზით, რეალური ძალაუფლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ვის ექნება კონტროლი პარლამენტზე.

„ბევრ შიდადინებაზეა საუბარი, მაგრამ რეალური გავლენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვინ აკონტროლებს ან მომავალში გააკონტროლებს პარლამენტს. თუ პარლამენტში რომელიმე ჯგუფს აქვს 76 მანდატი, ხვალვე შეუძლია, გადააყენოს პრემიერი, პრემიერი კი პირველი პირია ფართო უფლებებით. გუბერნატორს რა შეუძლია? სეპარატისტულ საქმიანობას ვერ დაიწყებს, ჯარს ვერ გამოიყვანს და ა.შ. ზოგადად, ეს ინსტიტუტი მოგონილია ბიუროკრატიული აპარატის გაზრდისთვის“,– დასძენს „აქცენტთან“ ძაბირაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები