ბაიდენმა ტრამპის სასაზღვრო კედლის მშენებლობის პროექტს დაფინანსება შეუწყვიტა
12/02/2021 05:53:06 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული საგანგებო ეროვნული განკარგულება სასაზღვრო კედლის მშენებლობის დაფინანსების შესახებ.
ბაიდენის მიერ კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ განკარგულება "გაუმართლებელი" იყო.
აშშ – მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ტრამპმა განაცხადა, რომ მშენებლობის დასაფინანსებლად იგი საგანგებო უფლებამოსილებას გამოიყენებდა. ყოფილმა პრეზიდენტმა სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2019 წელს გამოაცხადა, რამაც მას კედლის მშენებლობისთვის სამხედრო სახსრების კონგრესის გვერდის ავლით გამოყენების საშუალება მისცა. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პროექტისთვის დაახლოებით 25 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.


