თბილისზე აფხაზური რკინიგზის გასახსნელად ზეწოლა ძლიერდება

11-02-2021 19:49:57 კავკასია

თბილისზე აფხაზური რკინიგზის გასახსნელად წნეხი ძლიერდება. ამ მიმართულებით რუსული და აფხაზური მხარეების პრესინგს სომხეთიც მიუერთდა. ადგილობრივ მედიაში კვლავ გახშირდა პუბლიკაციები სხვადასხვა რანგის ექსპერტთა მოსაზრებებით, რომლებიც რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამოქმედების “აუცილებლობაზე” მიუთითებენ.

რა სურს ერევანს?

“სომხეთმა აუცილებლად უნდა გამონახოს გზა და საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნაზე მოელაპარაკოს” – აცხადებს “არმინფოსთან” ინტერვიუში სომეხი ექსპერტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის ფაკულტეტის კათედროს ხელმძღვანელის მოადგილე ვარდან ვოსკანიანი.

მისივე აზრით, ბოლო დღეების განმავლობაში მოწმენი ვართ ორი ურთიერთდაკავშირებული მოვლენისა: თურქეთიდან რუსეთში ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზით პირველი სატვირთო მატარებელი ჩავიდა, ამას კი მაშინვე მოჰყვა აფხაზური “პარლამენტის” მიმართვა მოსკოვს, რომელშიც აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კავშირის გახსნისათვის “მზადყოფნაა” გამოხატული.

“ნათელია, რომ საქართველოს ირგვლივ “საკომუნიკაციო გზების განბლოკვის პროგრამის” კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენები ვითარდება და ეს მხოლოდ ეკონომიკის სფეროს როდი ეხება: ანკარამ და ბაქომ რუსეთში პირველი მატარებლის გაშვებით დაანახეს თბილისს, რომ საქართველო არც ერთ შემთხვევაში არ კარგავს თავის სატრანზიტო ფუნქციას, პირიქით, გააძლიერებს კიდეც მას. ამავდროულად, მოსკოვი, რომელიც ჯერ კიდევ აფხაზური მხარის მიმართვამდე ახორციელებდა თბილისზე გარკვეულ პროპაგანდისტულ ზეწოლას მედიის გამოყენებით სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის ამოქმედების მისაღწევად, ცდილობს, გაანულოს იმ სარკინიგზო პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც სომხეთისა და რუსეთის აზერბაიჯანის გავლით დაკავშირებაზეა მიმართული, ასუსტებს რა ამით თურქულ-აზერბაიჯანულ გავლენას. თუ გავითვალისწინებთ, რომ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, განბლოკვის შედეგად ჯულფა (ირანი)-ნახჭევანი-ერევნის რკინიგზის ამოქმედება შეიძლება, მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს, აფხაზური რკინიგზის ამოქმედებით “კონტინენტური” აზერბაიჯანის გავლით ირან-რუსეთის სარკინიგზო კავშირის პროექტის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად შემცირდება, განსაკუთრებით – თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანული ასტარიდან რეშთამდე რკინიგზა ჯერ კიდევ არ არსებობს” – განმარტავს სომეხი ექსპერტი.

როგორ უნდა მოიქცეს შექმნილ ვითარებაში ერევანი? ვოსკანიანის აზრით, მან ყველაფერი უნდა იღონოს, რათა თბილისს აფხაზური რკინიგზის ამოქმედებაზე მოელაპარაკოს: “ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გაცილებით მკაცრი პოზიცია დავიკავოთ ე.წ. “თურანული დერეფნის” საკითხში და სომხეთ-საქართველო-რუსეთ-ირანის ერთობლივი ძალისხმევის წყალობით გახსნის მისი სრული ნეიტრალიზების პერსპექტივას”.

რა სურს სოხუმს?

ორიოდ დღის წინ აფხაზურმა "პარლამენტმა" რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად, აფხაზეთი "მზადაა, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში».

ამ ინიციატივის ავტორი - "დეპუტატი" ასტამურ ლოგუა აფხაზური ტრანზიტის რეანიმაციის იდეას სხვადასხვა მედიასაშუალებებში უკვე თვეზე მეტია, აჟღერებს. ამ მიმართულებით იგი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ მოსკოვს, ერევანსა და ბაქოს შორის რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გააქტიურდა.

«იმედი მაქვს, რეგიონის ყველა იმ ქვეყნის ძალისხმევის შედეგად, რომელიც ამჟამად ჩართულია ურთიერთობების დარეგულირებაში, მთელი ამ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაში, აფხაზეთიც მოხვდება ამ პროექტში. თუკი გვსურს, განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩართულები უნდა ვიყოთ ყველა პროცესში და პროექტში, მით უფრო ასეთი - რეგიონული დონის პროექტებში. აფხაზეთი არ უნდა დარჩეს დეპო-ქვეყნად, ჩიხ-ქვეყნად და ამისთვის ჩვენის მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ» - აცხადებს ლოლუა.

ამასთან, იგი თბილისსაც მოუწოდებს, "თუ თვლა იცის, დაითვალოს, რამდენს დაკარგავს ამ რეგიონულ პროცესებში არმონაწილეობით".

რას ფიქრობს ოფიციალური თბილისი?

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში 6-მხრივი (რუსეთი თურქეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) თანამშრომლობის ფორმატის - ე.წ. 3+3-ის აქტიური ლობირება მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო იანვრის ბოლოს საქართველოში ჩამოსული ირანელი დიპლომატის - საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფის მიერ ქვეყნის პირველ პირებთან გამართულ შეხვედრებზეც.

შეხვედრების შემდეგ მედიასთან ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა. ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისის პოზიცია გააჟღერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომლის თქმით, "საქართველო ვერ იქნება ჩართული ვერანაირ სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთი მონაწილეობს".

რაც შეეხება საკუთრივ აფხაზური რკინიგზის ამოქმედებას, თბილისი დღემდე ამ საკითხსაც მხოლოდ და მხოლოდ დეოკუპაციის ჭრილში განიხილავდა. როგორც ამასწინათ "აქცენტს" პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ეს პოზიცია უცვლელია და თემა კარგა ხანია, არც ერთ დონეზე არავისთან განხილულა.

ბოლოს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი ორი წლის წინ იყო ნახსენები. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსული მხარის დაინტერესებაზე საუბრობდა. საქართველომ კი პრინციპულად მიუღებლად ჩათვალა რუსეთის მცდელობები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზებისთვის საბაჟო საზღვრის ნიშნები მიენიჭებინა.

ოფიციალურ თბილისს არაერთგზის განუცხადებია, რომ ტრანზიტის აღდგენისთვის ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც 2011 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებით აქვთ ნაკისრი. ამ დოკუმენტის მთავარი ფასეულობა, ქართველი ექსპერტების შეფასებით, მის ნეიტრალურობაში მდგომარეობს - იმაში, რომ მასში არაა ნახსენები საქართველოს ოკუპირებულოი რეგიონები და ისინი "სატრანზიტო დერეფნებად" ფიგურირებენ, შეთანხმების მონაწილე მხარეებად კი - მხოლოდ ხელმომწერები, ანუ საქართველო და რუსეთი.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის განხორციელებას შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ. მისი წარმომადგენლები სატრანზიტო (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის) ტერიტორიებზე გამავალი ტვირთის დალუქვას განახორციელებენ, ხოლო შემდეგ ქართულ ან რუსულ ტერიტორიებზე ლუქები მოიხსნება.

რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები?

უღირს კი თბილისს, აფხაზური სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის თემას დაუბრუნდეს და დაიწყოს ტექნიკური, ეკონომიკური და უპირველესად პოლიტიკური სურთულეების გადალახვა? ქართველი ანალიტიკოსების აზრით - არა. ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ პროექტის რეალიზების პერსპექტივები პოლიტიკური საკითხების გადაჭრაზეა დამოკიდებული, მაგრამ გინდაც მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისითაც კი პერსპექტივები არასახარბიელოა.

როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, აფხაზური მონაკვეთი ენგურის აფეთქებული ხიდიდან აჩიგვარას სადგურამდე სრულადაა დემონტირებული, ხოლო რუსული ჯარის მიერ 2008 წელს ოჩამჩირეს სადგურიდან სოხუმამდე აღდგენილი გზა კაპიტალურ რემონტსა და ელექტრიფიკაციას საჭიროებს.

«რუსი ექსპერტების წინასწარი გათვლით, საქართველოსა და სომხეთს ნულოვანი წლების დასაწყისში მხოლოდ ლიანდაგების აღდგენა სულ მცირე, 250 მლნ დოლარი დაუჯდებოდათ და ეს - თავად შემადგენლობის, ვაგზლებისა და დეპოების რემონტის გარეშე. ვინ გადაიხდის ამას? ვფიქრობ, საქართველომ უნდა მოითხოვოს მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში. თანაც, სრულიად გაურკვეველია ამ მონაკვეთის სატარიფო პოლიტიკა, ვის ბიუჯეტში წავა სატრანზიტო შემოსავლები? - ალბათ, მათთან, ვინც აღადგენს» - ამბობს ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება ტრანზიტის აღდგენის გეოპოლიტიკურ სარგებელს, მისი აზრით, საქართველო ამ თვალსაზრისით ბოლოა, ვისაც ეს აწყობს: «ყველაზე მეტად ტრანზიტში აფხაზეთია დაინტერესებული. მისთვის ეს გეოპოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის შანსია. შემდეგი დაინტერესებული რუსეთია, რომელიც ცენტრალური აზიის ბაზრებზე და შემდეგ მიწოდებების დივერსიფიკაციისკენ ისწრაფვის. შემდეგი სომხეთია, რომელსაც კატეგორიულად არ სურს, თურქეთსა და აზერბაიჯანზე იყოს დამოკიდებული. აი, საქართველო კი ყველაზე ნაკლებ დაინტერესებული მხარეა: სომხური ტრანზიტი დასავლეთისკენ და რუსული პორტებისკენ საქართველოს გავლით აფხაზეთის გარეშეც განხორციელდება. გარდა ამისა, აფხაზური მონაკვეთის გამტარუნარიანობა რეაბილიტაციის შემთხვევაშიც კი იმდენად მცირეა, რომ მცირედით თუ გადააჭარბებს სომხეთისკენ ტრაფიკს. ამდენად, ვფიქრობ, ამ თემაში თბილისმა ბოლომდე უნდა ეძებოს მაქსიმალური სარგებელი მოსკოვსა და სოხუმთან პოლიტიკური ვაჭრობისას - იქნება ეს დევნილების უფლებრივი საკითხები, თუ სხვა რამ».

უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძის აზრით კი, რუსული ოკუპაციის შეწყვეტამდე, პოლიტიკური პრობლემების სიმრავლის ფონზე საქართველო მოსკოვის გეოსტრატეგიული სცენარებისგან მაქსიმალურად უნდა დისტანცირდეს:

«რეალურად, ეს არაფერს გვაძლევს, რადგან მსგავსი პროექტის რეალიზებისთვის აუცილებელია, მინიმუმ, სახელმწიფოებს შორის ნეიტრალური ურთიერთობები. ჩვენ კი, არსობრივად, დაურეგულირებელი კონფლიქტის პირობებში ვიმყოფებით რუსეთთან, რომელიც საქართველოზე ყოველმხრივ ზეწოლას აგრძელებს. გრძელდება საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და მკვლელობები, ჩნდება ახალ-ახალი დაპყრობილი ტერიტორიები. ამდენად, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებამდე არავითარი პროექტები საეჭვო ეკონომიკური პერსპექტივით არ უნდა იქცეს მოლაპარაკებების საგნად».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები