დავოსის ფორუმი 2021 – პუტინის რექვიემი

11-02-2021 15:45:34 ანალიზი

პირველად 12 წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დავოსის ვირტუალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. საინტერესოა, რომ 2009 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დავოსს მუდმივად აიგნორებდა. ექსპერტები თვლიან, რომ წელს „იმპერატორ“ პუტინის მსოფლიო ლიდერების ეკრანებზე გამოჩენა მისი რეჟიმის დასუსტებულ პოზიციებს უკავშირდება.

ფორუმში რუსეთის პრეზიდენტის ვირტუალური მონაწილეობა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა. მოკლედ გავიხსენოთ, რა მოხდა. ნავალნი ჯერ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რეაბილიტიციის კურსის დასრულების შემდეგ კი, სამშბოლოში დაბრუნებული, აეროპორტშივე დააკავეს.

კრემლმა ოპოციზიონერს 2014 წლის „შეკერილი“ საქმე გაუხსენა. ნავალნი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2.5 წელს საერთო რეჟიმის კოლონიაში გაატარებს. პუტინის რეჟიმმა ესეც არ იკმარა და პოლიტიკოსს „ომის ვეტერანის“ შეურაცხყოფასაც ედავება. მოკლედ, მთელი სახელმწიფო მანქანა ახლა ალექსეი ნავალნის ებრძვის და ვერც კი ხვდება, რომ თავად ქმნის „გმირს“ ადამიანისგან, ვისი დამარცხებაც სურს.

პუტინის რეჟიმს ასეთი მასშტაბის თვითდაზიანება დიდი ხანია, საკუთარი თავისთვის არ მიუყენებია. თავად პრეზიდენტიც, სულ უფრო ხშირად, პირადად პასუხობს ნავალნის ბრალდებებს, რაც ასევე უცნაურია. პარალელურად, ოპოზიციონერის უკანონო პატიმრობას, რუს ხალხთან ერთად, მთელი მსოფლიო აპროტესტებს. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის პრეზიდენტს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

პუტინის აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ, ოკუპაციებმა, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების „მტრებად“ გამოცხადებამ, უკანონო დაკავებებისა და სასტიკი მკვლელობების უსასრულო სიამ ოფიციალური მოსკოვი საერთაშორისო არენაზე „ქვეყანა ნონ გრატად“ აქცია.

რუსული ეკონომიკა სულს ღაფავს. ფედერაციას დემოგრაფიული პრობლემებიც აქვს, რაც პირდაპირ აისახება მუშახელის დეფიციტზე. კრემლის აგრესიის საფასური საერთაშორისო სანქციებია, რომლებიც ფინანსურ სექტორს ძალიან ძვირი უჯდება. რუსეთის პრეზიდენტს პატივს არათუ საერთაშორისო ლიდერები და საკუთარი მოსახლეობა აღარ სცემენ, ახლა უკვე „ერთგულ“ ელიტასაც ყელში აქვს მისი დაუფიქრებელი პოლიტიკა.

სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ვლადიმერ პუტინის დავოსის მიმართვა 12 წლის შემდეგ მკაფიო სიგნალია, რომ პრეზიდენტი ნებისმიერი პლატფორმის გამოყენებას ცდილობს, საიდანაც მსოფლიოს თავის ხმას გააგონებს. პუტინი ხვდება, რომ მეთოდებმა, რომლებსაც წლებია, იყენებს, მას ყველას პატივისცემა დააკარგვინა. უფრო მეტად კი პრეზიდენტს დავოსის ფორუმზე გამოჩენით სურდა, ილუზია შეექმნა, თითქოს, სახლშიც და საზღვრებს გარეთაც ყველაფერს აკონტროლებს. ამ დროს რუსეთის ქუჩებში ათასობით გაბრაზებული ადამიანი რისკავს ყველაფერს, თავისუფლებისა და სიცოცხლის ჩათვლით, რომ კრემლს გაბრაზებული ხალხის ხმა გააგონოს. პუტინის რეიტინგი ახალგაზრდა ადამიანებში რეკორდული სისწრაფით მცირდება. საპროტესტო აქციები ადრე თუ ძირითადად მოსკოვში იმართებოდა, ახლა მთელს რუსეთს მოედო.

რა მოუტანა პუტინის მმართველობამ რუსეთს? დასუსტებული ეკონომიკა, უფუნქციო სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით ერთი კაცის ბოროტი სურვილების ასასრულებელ მექნიზმად ქცეული სახელმწიფო. პუტინი ხალხს რუსეთისთვის „დიდების“ დაბრუნებას ჰპირდებოდა, თუმცა, სუსტი სახელმწიფო მისცა, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებს კონკურენციას ვერ უწევს და ცდილობს, არჩევნებში ჩარევის, საზოგადოებებში განხეთქილების შეტანით ისინი დაასუსტოს და მოსკოვის დონეზე დაიყვანოს.

ნავალნის მხარდამჭერი აქციების ტრანსლირებისას რუსმა ვლოგერმა – ლეონიდ ვოლკოვმა რუსეთში არსებული მდგომარეობა ძალიან კარგად შეაჯამა. მან თქვა: „დღეს პუტინის რეჟიმი სიმბოლურად დასრულდა.“ დავოსის ფორუმზე წამოჭიმული პუტინი ძალიან შეეცადა დაგვეჯერებინა, თითქოს, მის „ყოვლისშემძლეობას“ არაფერი ემუქრება, მაგრამ ყველა ვხედავთ, როგორ სრულდება რუსული იმპერიის კიდევ ერთი უბადრუკი ვარიაცია. სისტემა „იხრწნება“, შეიძლება ნელა, მაგრამ – შეუქცევადად.

გიორგი ნებიერიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები