კრიზისიდან გამოსვლის „რესპუბლიკელების“ გეგმა – ოპოზიციის და „ოცნების“ რეაქცია
11/02/2021 07:41:04 პოლიტიკა
„რესპუბლიკელების“ ინიციატივას, რომ ბუნებრივი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირების შემთხვევაში, ოპოზიცია ერთჯერადად შევიდეს პარლამენტში და კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მაგალითად, „ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ შემოთავაზებაში "დრამატულს" ვერაფერს ხედავს და ფიქრობს, რომ მისი მიღება არც ბოიკოტზე უარის თქმას გულისხმობს.
„ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი კატეგორიული მსჯელობისა, გარდა იმ საკითხებისა, რაც ეხება სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ახლა აქ რაც ქალბატონმა [ხათუნა] სამნიძემ ბრძანა, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს "ოცნება", შევიდეთ და ერთჯერადად მხარი დავუჭიროთო, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ.
ეს ნიშნავს ჩვენს ბოიკოტზე უარს? ეს ნიშნავს უარს ჩვენს გაცხადებულ განცხადებაზე, რომ არ გვინდა დეპუტატობა? რას ამბობთ! ღმერთმა ნუ ქნას, ხვალ რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ხომ ყველა დავდგებით საქართველოს სადარაჯოზე, ვინ დავწერეთ განცხადება და ვინ - არა?!
აქ, როცა საქმე ეხება წლების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინტერესს, ანუ დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას, ერთჯერადად, ამისთვის რატომ არ უნდა შევიდეს დეპუტატი და რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი თუ შესვლის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ვერ ვხედავ წინააღმდეგობას“,– განაცხადა ახვლედიანმა თემის კომენტირებისას და იქვე დასძინა, რომ სჯობს გადაწყვეტილება კოლეგებთან კონსულტაციების რეჟიმში იქნეს მიღებული.
უცნობია, კონსულტაციების რეჟიმში განიხილავს თუ არა ოპოზიცია წინადადებას, მანამდე კი მაგალითად, „ლეიბორისტებმა“ ინიციატივის მიმართ რადიკალური მიუღებლობა დააფიქსირეს.
"ნახევრად ფეხმძიმე ქალი არ არსებობს. ან არის ფეხმძიმე, ან არ არის. გაუგებარია, შევალ, ღილაკს მივაჭერ ხელს, მერე გამოვალ გარეთ, ნინიას ბაღი ხომ არ არის არა?!"– ამბობს პარტიის წევრი გიორგი გუგავა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამჯერად უბარიერო 0%-იანი საარჩევნო სისტემის შეთავაზებით ახალი სატყუარა გადაუგდო ოპოზიციას იმისთვის, რომ როგორმე პარლამენტში შეიტყუოს.
ენმ–ში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ერთჯერად აქტებს არ განიხილავს და არ დაეხმარება ბიძინა ივანიშვილს ფასადური დემოკრატიის შექმნაში. ამასთან, პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ინიციატივას სიურპრიზი უწოდა.
"სიურპრიზი იყო... ხათუნა სამნიძესთან ვისაუბრე შემდეგ პეროსნალურად და მითხრა, რომ დამატებით სხვადასხვა ეთერის მეშვეობით განმარტავდა. არ მგონია, რომ პარტიასთან შეთანხმების გარეშე, როდესაც ორი მანდატი აქვთ, ეს გაეკეთებინათ... ის, რომ ჩვენთან არ შეთანხმებულან, როგორც მინიმუმ, დისკომფორტის მომგვრელია. ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, სენსიტიურ დროს, როცა "ოცნება" ჩამოკიდებულია იმაზე, რომ ვინმე შეიყვანოს პარლამენტში, არ მგონია, რომ პროცესის ინტერესშია".
მსგავს აქტს „გაყალბებული არჩევნების „გაპრავებად“ აფასებს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
„არ შეიძლება გამყალბებელს “ გაუპრავო” გაყალბება!არ შეიძლება! სანამ არ მივიღეთ ვადამდელი არჩევნების თარიღი, (რის გამოც გამოვაცხადეთ ოპოზიციამ ბოიკოტი, ) მით უმეტეს შეცდომაა და არა არის სწორი.“ერთი დღით “შესვლა რა არის? ელისაშვილი რომ ამბობდა, რაღაც იმას ჰგავს! ერთი დღით აღარ იქნება ეს ხელისუფლება გამყალბებელი ? სამართლებრივად ნონსენსია!და არასამართლებრივად კი “ფრიად უსიამოვნო” -“ერთი დღის არჩევანი”!“–წერს ჩარკვიანი
„გირჩში“ კი სამნიძის განცხადებას კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი უწოდებს.
„ეს ძალიან ლოგიკური, კონსტრუქციული და პასუხისმგებლობით აღჭურვილი გადაწყვეტილებაა, რადგან კონსტიტუციის ცვლილება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოპოზიციის ნებისმიერი სხვა მოთხოვნა. მიხარია, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერებს შორის საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც მსგავსად ფიქრობს.
ბუნებრივია, როგორც კი ეს წინადადება მაგიდაზე დაიდება, ჩვენ შევალთ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიქნებით.
მივიჩნევთ, რომ ეს რეალიზებული თუ იქნება და კონსტიტუცია შეიცვლება, ვერ ვხედავთ ბოიკოტის ან მსგავსი გადაწყვეტილების საჭიროებას. ჩვენს შემთხვევაში ეს არ იქნება ერთჯერადი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ხოლო „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარლამენტში ერთჯერადად, უბარიერო პროპორციული სისტემისთვის შესვლას მისი პარტია მხარს არ დაუჭერს:
"აქ, ჩვენ კოსმეტიკური ცვლილებები ვერ გვიშველის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები. არანაირი 2024 წლისთვის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ეს უბარიერო იქნება თუ ა.შ., არ იქნება სიკეთის მომტანი.
ჩემი და „ლელოს“ პოზიცია არის, რომ ერთჯერადად შესვლა [პარლამენტში] არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების აზრს პატივს ვცემთ. გაუგებარია, ერთის მხრივ იყო ბოიკოტში და მეორეს მხრივ შეხვიდე რამდენიმე დღით პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ხვალ შეიძლება კიდევ რაღაცისთვის დაგიძახონ და აქ, ჩვენ, მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები ვართ მყარ პოზიციაზე“.
თავად უბარიერო პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციასთან შეთანხმება თუ შედგება და პარლამენტში შევლენ,
მოვლენ, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ინიციატივის მიმართ მიუღებლობა აქვთ „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.
„ქართული ოცნება“ არ მოსულა მსგავსი წინადადებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა წინადადებით. სამწუხაროდ, არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორსაც ელისაშვილი ან „გირჩი“ უშვებს. თუნდაც ეს საკითხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილი, მასში ოცამდე სხვადასხვა საკითხი შედის. ამ ლოგიკით ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა [პარლამენტში] ქალბატონი ხათუნა და გამოვა, შევა-გამოვა... ეს ხო არასერიოზულია. ამიტომ, უნდა მოხდეს შეთანხმება მთლიანად, წინადადებების პაკეტზე. თუ მასზე შეთანხმება შედგება, მაშინ, კიბატონო, არა მხოლოდ „რესპუბლიკური პარტია“, სხვებიც შევლენ და ხმას მისცემენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში უბარიერო პროპორციულ სისტემაზე იმსჯელებენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ერთჯერადად შესვლას „ბავშვურ თამაშს“ უწოდებენ.
"მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია", - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა მწვავე გამოწვევები უფრო მნიშვნელოვანია.
ინფორმაციისთვის: საარჩევნო ბარიერის განულებას საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილია „ქართული ოცნებიდან“ 90 დეპუტატი, „მოქალაქეებიდან“ – 2, „ევროპელი სოციალისტებიდან“ – 4. თუ ინიციატივას მხარს „რესპუბლიკელები“ დაუჭერენ, რომელთაც 2 მანდატი აქვთ და 3 მანდატის მფლობელი „გირჩი“, საკონსტიტუციო ცვლილებებს კიდევ 12 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
განახლება
თემა განუხილველად ამოიწურა
"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ამბობს, რომ "თემა ამოიწურა", რადგან "ქართული ოცნება" კომპრომისზე არ წავიდა.
"ამ განცხადებამ [მამუკა მდინარაძის – რედ.] აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" კვლავინდებურად კედელაღმართული დგას, არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის. ინიციატივის კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება.
პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისა და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ, შესაბამისად ვფიქრობ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე", - ამბობს თამარ კორძაია.


