უკრაინამ ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების გამოყენება აკრძალა
11/02/2021 05:51:52 მსოფლიო
უკრაინამ ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის ბრძანებულებაშია ნათქვამი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში არ დაიშვება Covid-19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია და / ან წარმოებულია რუსეთში.
ცნობისთვის: უკრაინაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყება მიმდინარე თვის შუა რიცხვებიდან იგეგმება.
30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინური Sinovac-ის ვაქცინის 1.9 მილიონი დოზის მიღების შესახებ. ამასთან, თებერვალში ქვეყანა, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 117 000 დოზას მიიღებს. თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე კი უკრაინაში 2.2-3.7 მილიონი დოზა AstraZeneca/Oxford-ის შეტანა იგეგმება. 5 თებერვალს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დამტკიცებულია AstraZeneca და Novavax– ის მიერ წარმოებული ვაქცინების 12 მილიონი დოზის შეტანის საკითხიც. 9 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების გადაცემისკენ მოუწოდა.


