მედია: ნავალნის ცოლმა მოსკოვი დატოვა
10/02/2021 14:28:10 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნი რუსეთიდან გერმანიაში გაემგზავრა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ „დომოდედოვას“ აეროპორტიდან გაემგზავრა მიუნხენში.
თავად იულია ნავალნის გამგზავრების შესახებ არ განუცხადებია. მისი ადვოკატი სვეტლანა დავიდოვა კი მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ცნობისთვის: რუსეთში 23 იანვრის აქციის შემდეგ სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევის გამო საქმე აღძრეს. გამოძიება ირწმუნება, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებდნენ, რასაც კორონავირუსით დაავადებულებმაც უპასუხეს. ამ ფორმით მათ საფრთხე შეუქმნეს საზოგადოებას.


