აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად სცნო
10/02/2021 05:10:12 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 56 ხმით, 44-ის წინააღმდეგ, ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად სცნო.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის წინააღმდეგ ექვსმა „რესპუბლიკელმა“ მისცა ხმა.
ექს–პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით იმპიჩმენტის პროცესი სენატში ოთხშაბათს განახლდება და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ სენატი დონალდ ტრამპს დამნაშავედ ცნობს, მომდევნო ნაბიჯი იქნება ყოფილი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი თანამდებობის დაკავების აკრძალვა, რისთვისაც სენატის უმრავლესობის თანხმობა საკმარისია.
ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრილი მისი მხარდამჭერების წაქეზებაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის: 13 იანვარს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.
დონალდ ტრამპი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.


