აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო
09/02/2021 19:22:08 მსოფლიო
აშშ-ის სენატში ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრილი მისი მხარდამჭერების წაქეზებაში ადანაშაულებენ.
პროცესი დაიწყო ორპარტიულ შეთანხმებაზე პროცედურული კენჭისყრით, რომელიც განსაზღვავს სასამართლო განხილვის წესებს. შემდეგ სენატი შეუდგება იმის განხილვას, არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისი ყოფილი პრეზიდენტის სასამართლებრივი დევნა. მოსალოდნელია, რომ დემოკრატები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ პროცესი კონსტიტუციურია, რაც შესაძლებელს გახდის იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას.
წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, იგივე ბრალმდებლებს, 16-საათი ექნებათ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დროსა და პირობებში წარადგენენ საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტის დაცვის მხარის წარმომადგენლები.
სენატში 100 კანონმდებელია, გადაწყვეტილების მისაღებად კი 51 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ სენატი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარს დაუჭერს, მომდევნო ნაბიჯი იქნება ყოფილი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი თანამდებობის აკრძალვა, რისთვისაც სენატის უმრავლესობის თანხმობა საკმარისია.
ცნობისთვის: 13 იანვარს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.
დონალდ ტრამპი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს


