ევროპის უხუცესი მაცხოვრებელი – 117 წლის ფრანგი მონაზონი COVID-19-ისგან განიკურნა

09-02-2021 23:07:27 ევროპა

ევროპის უხუცესი მაცხოვრებელი – თითქმის 117 წლის ფრანგი მონაზონი კოვიდ-ინფექციისგან განიკურნა.

ლუსილ რანდონი, რომელმაც დედა ანდრეს სასულიერო სახელი მიიღო და 1944 წელს კათოლიკურ საქველმოქმედო საზოგადოებას შეუერთდა, საფრანგეთის სამხრეთში, ტულონში, მოხუცთა სახლში ცხოვრობს.

16 იანვარს მან კოვიდ-ტესტირება გაიარა და იზოლაციაში გადაიყვანეს. ქალს გამოხატული კოვიდ-სიმპტომები არ აღენიშნებოდა, - იუწყება “Reuters”.

"ახლა დედა ანდრე სრულად არის გამოჯანმრთელებული, მშვიდადაა და 117-ე დაბადების დღის მოლოდინშია, რომელსაც მასთან ერთად მიმდინარე კვირას აღვიშნავთ"- აცხადებს სენტ-კატრინ ლაბურეს მოხუცთა სახლის წარმომადგენელი დავიდ ტაველა.

მისივე თქმით, ქალს მხედველობა აქვს დაქვეითებული, თუმცა ძალზე ენერგიულია. კოვიდით ინფიცირების საფრთხის გამო ამჯერად იგი დაბადების დღეს უფრო მოკრძალებულად – ნაკლები რაოდენობის სტუმრების გარემოცვაში გადაიხდის.

მონაზონი 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. იგი პლანეტის უხუცესებს შორის რიგით მეორეა. მასზე უფროსმა კანე ტანაკამ თავისი 118-ე დაბადების დღე 2021 წლის 2 იანვარს აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ პლანეტის 20-ვე უხუცესი მაცხოვრებელი ქალია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები