BBC – აზიაში ღამურებში Covid-19-ის გამომწვევ Sars-CoV-2–თან დაკავშირებული კორონავირუსები აღმოაჩინეს
09/02/2021 16:05:03 მსოფლიო
აზიაში, ტაილანდში ღამურებში Covid-19-ის გამომწვევ Sars-CoV-2–თან დაკავშირებული კორონავირუსები აღმოაჩინეს, - იუწყება BBC სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
აღნიშნული აღმოჩენის შემდეგ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი კორონავირუსები შესაძლოა, ღამურებში აზიის ბევრ რეგიონსა და ქვეყანაში იყოს გავრცელებული.
დღემდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19–ის პირველი შემთხვევა უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაავადების გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერ–ჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. პირველადი ინფორმაციით, ის უჰანის ე.წ. სველი ბაზრიდან გავრცელდა. სადღეისოდ Covid-19 მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცირკულირებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 107 019 170 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 336 650 ადამიანი იმსხვერპლა. 78 887 385 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 254 916 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 306 გარდაიცვალა.


