ანანიაშვილი – წულუკიანზე: "მშვენიერი შეხვედრა გვქონდა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი"
09/02/2021 14:27:06 პოლიტიკა, საზოგადოება
ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანთან "მშვენიერი შეხვედრა" გაიმართა.
იგი წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშნვის საკითხსაც გამოეხმაურა.
„შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყო სფეროდან (კულტურის). ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა. მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია“, – აცხადებს ანანიაშვილი, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.


