Accentnews.ge
რა დაადგინეს ჩინეთში ჩასულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა Covid-19–ის წარმოშობის შესახებ

რა დაადგინეს ჩინეთში ჩასულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა Covid-19–ის წარმოშობის შესახებ

09/02/2021 13:16:20 მსოფლიო

ჩინეთში მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებმა დღეს პრეს–კონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ WHO-ს ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ Covid-19 უჰანში 2019 წლის დეკემბრამდე ცირკულირებდა.

როგორც ექსპერტმა პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, WHO–ს ჯგუფმა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ჰიპოთეზა შეისწავლა:

"პირველი ჰიპოთეზა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე უშუალო გადაცემას ეხება. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება, გადასცემოდა, რომელშიც ვირუსმა ადაპტირება მოახდინა და ადამიანზე გადაცემამდე ცირკულირებდა. მესამე ვერსია პროდუქტების ჯაჭვს, განსაკუთრებით გაყინულ პროდუქტებს ეხება, რომელთა ზედაპირი, შესაძლოა, ადამიანზე ვირუსის გადაცემის წყარო ყოფილიყო. და ბოლო ჰიპოთეზა ლაბორატორიაში ინციდენტის შესაძლებლობას უკავშირდება“.

ემბარეკის თქმით, ექსპერტები ყველაზე მეტად სავარაუდოდ მეორე ვერსიას მიიჩნევენ, ყველაზე ნაკლებად სავარაუდოდ – ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას.

"ამ ვიზიტით მივიღეთ მეტი ინფორმაცია, თუმცა არაფერი ისეთი, რომ Covid-19–ის წარმოშობის შესახებ უკვე არსებული სურათი დრამატულად შეეცვალა", – დასძინა ემბარეკმა.

თითქმის ერთწლიანი გაჭიანურების შემდეგ, 2021 წლის 14 იანვარს ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს უჰანში ჩასვლის უფლება მისცა. ქვეყანაში სამი კვირით ჩასულ WHO–ს ჯგუფს პირველი ორი კვირა კარანტინში გაატარებინეს. ისინი ქვეყანას 2 დღეში დატოვებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ჩინეთში ჩასვლის მიზანი Covid-19–ის წარმოშობის მიზეზების შესწავლა იყო. ისინი ცდილობდნენ, დაედგინათ თუ როდის, სად და როგორ მოხდა მისი გავრცელება ადამიანებში და როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი პანდემიების პრევენცია.

ცნობისთვის: დღემდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19–ის პირველი შემთხვევა უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაავადების გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერ–ჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. პირველადი ინფორმაციით, ის უჰანის ე.წ. სველი ბაზრიდან გავრცელდა. სადღეისოდ Covid-19 მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცირკულირებს.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 107 019 170 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 336 650 ადამიანი იმსხვერპლა. 78 887 385 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 254 916 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 306 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S