2008 წლის ომი ჰააგაში: წაადგება თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება თბილისს?

09-02-2021 16:54:37 ანალიზი

მოსკოვის მიერ რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე უკანონოდ დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა. როგორც პარლამენტში დეპუტატებისთვის მოხსენების წარდგენისას იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციების გადახდაზე უარს აღარ ამბობს და, როგორც იქნა, მზადაა, ევროპის საბჭოს შუამავლობით საკითხის განხილვაში ჩაერთოს.

ლორთქიფანიძემ არ გამორიცხა, რომ ეს მოულოდნელი პროგრესი უკავშირდებოდეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის თაობაზე. მინისტრის აზრით, ქართული მხარის სასარგებლოდ გამოტანილმა ვერდიქტმა ამ მხრივ “წინ მცირე ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა შექმნა” და “ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიდგომის მართებულობას ადასტურებს”.

ცნობისთვის: საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადახდის გადაწყვეტილბას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 16-მა წევრმა 1-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში დაუჭირა მხარი. მაშინ სასამართლომ მოსკოვს 3 თვის განმავლობაში საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. თანხა შემდგომში მორალური ზარალის კომპენსაციის სახით საქართველოს დაახლოებით 1500 უკანონოდ დეპორტირებულ მოქალაქეზე უნდა გადანაწილებულიყო. თუმცა ვალდებულების შესრულების შესახებ ევროპის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, თანხა ქართული მხარისთვისამ დრომდე არაა გადახდილი.

ამასთან, მინისტრი 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სასამართლო დავებსაც შეეხო და როგორც ირკვევა, მიღწეული პროგრესი საქართველოს ეიფორიის საფუძველს არ აძლევს: წინ კიდევ უამრავი იურიდიული ბრძოლაა.

კერძოდ, ლორთქიფანიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამჟამად მუშაობს იმის დასადგენად, რამდენად მართებული იქნება 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით დავის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელება. დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 აპრილს იწურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დავის განახლების გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მისი უწყება დარწმუნდება, რომ საქმის მოგებისთვის მყარი იურიდიული და პოლიტიკური საფუძვლები არსებობს.

ამასთან, მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებამ ძირეულად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი:

«დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება, ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია; რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსეთმა მათი ოკუპაცია განახორციელა და ამ გზით ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლი დაამყარა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქარველების ეთნიკური წმენდა განახორციელა, და რომ რუსეთის ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება” – აღნიშნა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო თავის ვერდიქტში იყენებს ტერმინს “ეთნიკური წმენდა” და წერს, რომ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლისა და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებზე, დე ფაქტო ხელისუფლებების ქმედებების ჩათვლით. ანუ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერ ინციდენტზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია. ლორთქიფანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლომ გამოიყენა ტერმინები “ეფექტური კონტროლი” და “ოკუპაცია”.

ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობის 700-ზე მეტი მტკიცებულება წარუდგინა.

აი, ჰააგის სასამართლოში კი საქმე სავარაუდოდ, უფრო რთულად იქნება, ვიდრე სტრასბურგში. არასამთავრობო ორგანიზაცია Justice International-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკა ჯეირანაშვილის აზრით, სტრასბურგის გადაწყვეტილებები ჰააგისთვის იურიდიული თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ არის:

«გასათვალისწინებელია ჯერ ის, რომ სტრასბურგის სასამართლო ადგენს ქვეყნების და არა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობას, ჰააგის სასამართლო კი – პირიქით, იმ ინდივიდებისა, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ან დანაშაულის ჩადენის ბრძანებები გასცეს. ჰააგის მიდგომა უმთავრესად იმგვარია, რომ ცდილობს რაც შეიძლება, მაღალი რანგის ინდივიდებზე – კონკრეტული დანაშაულის უშუალო დამკვეთებზე გასვლას. ჰააგა რიგით შემსრულებლებს არ დასდევს».

ამასთანავე, ჯეირანაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აქამდე ჰააგის სასამართლოს არ ჰქონია სტრასბურგის გადაწყვეტილებების განხილვის პრეზცედენტი, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში მუშაობდა. გარდა ამისა, ჰააგის სასამართლოსთვის სტრასბურგი მხოლოდ რეგიონული – ევროპული სასამართლოა, მაშინ, როცა თავად ჰააგა - მსოფლიო:

«ერთადერთი, რაშიც ჰააგას პრაქტიკაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება შეუძლია, ზოგადი კონტექსტის აღწერაა. მაგალითად, თუ კონკრეტული პირი, რომლის დაპატიმრების ორდერი გაიცემა, სასამართლოს წინაშე წარსდგება და პროცესი დაიწყება, პროკურორის წარმომადგენელს შეუძლია, გამოიყენოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კონტექსტის აღსაწერად. ხოლო როცა საქმე კონკრეტულ მტკიცებულებებამდე მივა, რა თქმა უნდა, ჰააგა სტრასბურგს არ დაეყრდნობა. ის მხოლოდ იმ მასალებს გამოიყენებს, რომელსაც მისივე გამომძიებლები მოიპოვებენ».

ჯეირანაშვილს ეჭვი ეპარება, გოჩა ლორთქიფანიძისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების რწმენას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის პოზიციებს რამენაირად განამტკიცებს, რეალური საფუძველი ჰქონდეს. მეტიც, თუ საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და ჰააგის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია, რუსეთს, რომელიც მისი წევრი არ არის, არც შესაბამისი ვალდებულებები აქვს. მაშასადამე, ჯეირანაშვილის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰააგა ამა თუ იმ დამნაშავეს დაკავების ორდერს გასცემს, მოსკოვმა მას შესაძლოა, უბრალოდ იგნორირება გაუწიოს და თავად სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ამ საკითხში რუსეთის იძულებისათვის. ერთადერთი ბერკეტი აქ სასამართლოს წევრი ქვეყნების დავალდებულებაა, აღნიშნული პირი მათ ტერიტორიებზე აღმოჩენის შემთხვევაში დააკავონ და ჰააგის ტრიბუნალს გადასცენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ სასამართლო პროცესის დაწყება – ჰააგა ხომ გადაწყვეტილებებს დაუსწრებლად არ იღებს.

გაერო–ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ბესარიონ ბოხაშვილი „აქცენტთან“ ამბობს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის 8–12 აგვისტოს ეპიზოდი არ განიხილა, ამ ნაწილში გადაწყვეტილება ნაკლებად გამოსადეგი იქნება ჰააგის სასამართლოსთვის, თუმცა გარკვეული ასპექტები, თუ რა მოხდა 12 აგვისტოს შემდეგ, შესაძლებელია, იქნეს გათვალისწინებული ჰააგის სასამართლოს მიერ.

საკითხი ეხება რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას:

  • ომის ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მათი წამება, რაც სისტემური ხასიათის იყო. საუბარია 160 პირზე;
  • ენიკური ქართველებისადმი განხორციელებული მოპყრობა, მათი საკუთრების გადაწვა, იძულება, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები და შემდგომი დაბრუნების შესაძლებლობის არ მიცემა.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია, რომ გარკვეული აქცენტი ჰააგის სასამართლომ გააკეთოს“,– ამბობს ბოხაშვილი და იქვე დასძენს, რომ უნდა გავითვალისწინოთ ხსენებული ორი სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მანდატი: სტრასბურგის სასამართლო იხილავს საქმეებს კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაირღვა თუ არა ევროპული კონვეციის გათვალისწინებული რომელიმე უფლება. ჰააგის სასამართლო კი ეხება განსხვავებულ საკითხებს, როგორიცაა, კონკრეტული ინდივიდების მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები