Accentnews.ge
იზრდება დეფიციტი, იმპორტი, ფასი – ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვა

იზრდება დეფიციტი, იმპორტი, ფასი – ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვა

09/02/2021 10:40:09 ეკონომიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიმოიხილა 2020 წლის მდგომარეობით ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე განვითარება და არსებული გამოწვევები და დაასკვნა, რომ ენერგეტიკის სექტორი შემცირდა.

ძირითადი მიგნებები:

2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გენერაცია წ.წ. 5.9%-ით შემცირდა

IDFI–ის კვლევის თანახმად, თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-0.7% წ.წ.), თუმცა განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია წ.წ. -7.7%-ით არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გენერაციის კლებასთან ერთად საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი მცირდება.

„თბოსადგურების გენერაცია ჯამურად -0.7%-ით არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით და 2.8 ტვტ.სთ. შეადგინა 2020 წელს, თუმცა განახლებადი წყაროების გენერაცია უფრო მეტად (-8%) არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში, რაც ძირითადად ცუდი წყალმოდინების, დაბალი მოთხოვნის და ექსპორტის შესაძლებლობის შემცირებამ განაპირობა. საერთო ჯამში, განახლებადი ენერგიის წილი 75%-მდე შემცირდა (-1 პ.პ.) 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით. ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 4,1 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წელს და ყველაზე მეტად შემცირდა (-18%), წინა წელთან შედარებით. ყველაზე დიდი მარეგულირებელი ჰესის ენგურის წილი ჯამურ გენერაციაში მცირდება და 25% შეადგინა 2020 წელს, რაც 4%-ით და 9%-ით ნაკლებია 2019 და 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სეზონური, წყალმოდინებაზე დამოკიდებული ჰესების გენერაცია მკვეთრ ზრდას აჩვენებს, შუახევი ჰესის ხარჯზე. აღნიშნული ჰესების ჯამურმა გენერაციამ 3.5 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წელს, რაც +7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად. აღნიშნული ძირითადად შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებიდან გამომდინარეობს.

მცირე ზომის ჰესების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა გენერაცია იკლებს. ოთხ ახალ სიმძლავრის ჰესთან ერთად 71 მცირე ზომის ჰესის ჯამურმა გენერაციამ 0.65 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წელს, რაც 3.6%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ მოსალოდნელია გაიზარდოს მომავალ წელს, ახალი ჰესების ხარჯზე და მიმდინარე პერიოდში აშენებული ჰესების სრული დატირთვით ამუშავების შემთხვევაში“,– ნათქვამია ანგარიშში.

COVID-19 პანდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად შეამცირა

აღნიშნულს ორგანიზაცია შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებას და თითქმის განულებულ ტურიზმს უკავშირებს. შემცირებამ -5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.

ორგანიზაცია აქვე აღნიშნავს, რომ რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთში ელექტრო ენერგიის მოხმარება და 2020 წელს 2.5 ტვტ. სთ. შეადგინა (+23.9% წ.წ.). აღნიშნული ენგურის მთლიანი გენერაციის 93%-ს შეადგენდა ანალოგიურ პერიოდში.

აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს მოხმარებას დანარჩენ საქართველოში

„2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.5 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია 2020 წელს ენგურჰესის გენერაციის შემცირებით.

აფხაზეთი წლის განმავლობაში 8,5082 კვტ. სთ. ელ. ენერგიას მოიხმარს ერთ სულ მოსახლეზე 2020 წლის განმავლობაში. დანარჩენ საქართველოში ელ. ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,574 კვტ. სთ. შეადგენდა. აფხაზეთის მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელ. ენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება, აიხსნას“,– ნათქვამია ანგარიშში.

ექსპორტ-იმპორტი: ელექტროენერგიის დეფიციტი ზრდადია

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გასულ წელს ელექტრო ენერგიის დეფიციტმა +5.3% წ.წ. და 1.46 ტვტ. სთ შეადგინა. იმპორტის მოცულობა თითქმის არ შეიცვალა (-1% წ.წ.) და 1.61 ტვტ. სთ. შეადგინა, მაგრამ ექსპორტი მკვეთრად შემცირდა 0.15 ტვტ. სთ-მდე (-37% წ.წ.).

„რუსეთიდან ელ. ენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია (35%) 2020 წელს. აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელ. ენერგიის მოხმარება. ხოლო თურქეთი ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება (41%), თუმცა მკვეთრად შემცირებული ექსპორტის მოცულობის ფონზე.ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა 2020 წელს. იმპორტის და ექსპორტის ღირებულებამ 65 მლნ. აშშ დოლარი და 6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, შესაბამისად ანალოგიურ პერიოდში. შეინიშნება გაუმჯობესება, (-11 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით. ერთი კვტ. სთ. ელექტროენერგიის იმპორტის ფასი -17%-ით შემცირდა და საშუალოდ 4 აშშ დოლარის ცენტი იყო 2020 წელს. ხოლო საექსპორტო ფასი გაიზარდა +18%-ით და 3.8 აშშ დოლარის ცენტს გაუტოლდა ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ექსპორტის მცირე მოცულობა.

ელექტროენერგიის ფასები: საბითუმო ფასები საშუალოდ, 25%-ით გაიზარდა, უცხოური ინესტიციები თითქმის განახევრდა

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ოთხჯერ შემცირდა და 2020 წლის 9 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა:

„COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა ლარის გაცლითი კურსის გაუფასურების ფონზე დღეისათვის ფაქტიურად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

აპრილ-აგვისტოს პერიოდში საბითუმო ფასების საშუალო ზრდამ წ.წ. 41% შეადგინა 2020 წელს. საბითუმო ფასები ბოლო ხუთი წლის მაქსიმალურ მაჩვენებლებზეა და ზრდა აღნიშნულ პერიოდში ძირითადად ორნიშნა მაჩვენებელზეა. შედარებით იაფიანი ელ. ენერგიის წყაროების გენერაციის შემცირება ზრდის საბითუმო ფასებს ელ. ენერგიაზე. ელ. ენერგიის საბითუმო ფასები საშუალოდ 25%-ით გაიზარდა 2020 წელს, რაც ნაწილობრივ გაცვლითი კურსის გაუფასურებით და ენგურის გენერაციის შემცირებით არის განპირობებული“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ელ. ენერგისს სამომხმარებლო და კომერციული ტარიფები მკვეთრად იზრდება 2021 წელს, ძირითადად გაუფასურებული გაცვლითი კურსის და სექტორის იმპორტზე დამოკიდებულების შედეგად.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ფასის მკვეთრი ზრდა გარკვეულწილად გამოწვეული წინა პერიოდებში ტარიფის შენარჩუნების შედეგად.

„ზრდა ყველაზე მაღალია (+24%) 102 კვტ. სთ-ზე დაბალი მოხმარების საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის და ასევე იმ კომერციული მომხმარებლებისათვის, რომლებიც რეგიონში არიან წარმოდგენილი (+90%)“.

დეფიციტი გაიზრდება

ელექტრო ენერგიის მოხმარება ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და ელ. ენერგიის მოხმარების ზრდას შორის (აფხაზეთის გამოკლებით) 80%-ს აღწევს. 2020 წელს ელ. ენერგიის მოხმარება 10.3%-ით შემცირდა და რეალური მშპ -6.1%-ით აღნიშნულ პერიოდში.

მოსალოდნელია, ელექტრო ენერგიის მოხმარება 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდეს 2019 წლის დონეს. 2021-2025 წლებში მოხმარება მოსალოდნელია საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს, გენერაციის 4.8%-ით ზრდის ფონზე და 2019 წლის დაბალი გენერაციის გათვალისწინებით. ელ. ენერგიის დეფიციტი 7.5%-ით გაიზრდება აღნიშნულ პერიოდში და 1.9 ტვტ. სთ. მიაღწევს 2025 წელს.

ენგურის მოსალოდნელი შეჩერება დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელ. ენერგიის დეფიციტს შექმნის 2021 წელს. ენგურჰესის გამომუშავების გათვალისწინებით 4 თვიან პერიოდში (თებ-მაისი) დანაკლისი 0.6 ტვტ. სთ. იქნება, რაც ნაწილობრივ დაკომპენსირდება არსებული ჰესების 2019 წლის გამომუშავების დონემდე ზრდით და შუახევის ჰიდროსადგურით. ჯამურმა გენერაციამ მოსალოდნელია 11.5 ტვტ. სთ. შეადგინოს აღნიშნულ პერიოდში და დეფიციტი 1.6 ტვტ. სთ. მიაღწევს, რაც შესაძლოა, დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე“.

როგორც ორგანიზაცია მიიჩნევს, სექტორში მნიშვნელოვანი საიახლეა, რომ საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ3 (სენბი) 2020 წლის ივლისში დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა და კანონმდებლობის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა დაიწყოს დღით ადრე ბაზრის ოპერირება. დღით ადრე ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ყოველდღიურ რეჟიმში იყიდონ და გაყიდონ ელექტროენერგია ბირჟაზე. ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებამ ხელი უნდა შეუწყოს სექტორში საბაზრო ფასების ფორმირებას, რაც დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე და სწორ გზავნილებს გადასცემს ბაზრის მონაწილეებს.

რეკომენდაციები:

  • მთავრობის მიერ ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები არ შემუშავდა 2020 წელს და აღნიშნულმა შეაფერხა როგორც ახალი გენერაციის წყაროების დამატება, ასევე შემცირებულმა ინვესტიციებმა შეაფერხა ეკონომიკური ზრდა.

გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შემდეგ, დღეისათვის პრაქტიკულად, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს სექტორში. მნიშვნელოვანია Feed-in tariff და სხვა ტიპის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გარანტირებულ ფასს და დაიცავს გაცვლითი კურსის რისკებისგან.

  • ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირება თავისუფალი ბაზრის მექანიზმების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას.

ენერგოდამოუკიდებლობა მცირდება მეზობელი ქვეყნებიდან ელ. ენერგიის იმპორტის ზრდის გათვალისწინებით. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ბაზრის დერეგულაცია და ელ. ენერგიაზე სამომხმარებლო ფასის ზრდის შემთხვევაში საჭიროა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირდაპირი ფორმით სუბსიდირება.

  • საჭიროა განახლებადი ენერგიის წახალისება საოჯახო მეურნეობებში და მცირე ბიზნესში დღგ-სგან განთავისუფლებით ან ენერგოეფექტური სესხებით.

ნეტო აღრიცხვის მექანიზმი საშუალებას აძლევს მცირე მომხმარებლებს, აწარმოონ ელექტროენერგია. თუმცა, მიკროელექტროსადგურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, აღნიშნული სადგურების ხელშეწყობა საგადასახადო შეღავათებით და ენერგოეფექტური სესხით.

  • უნდა შემუშავდეს სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ენერგოეფექტურობის ზრდაზე და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

ამ დროისათვის არ არსებობს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს და წარმოადგენს სექტორის განვითარების შესაძლო სცენარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S