"ქართული ჯარი რომ აცრილიყო, ვინმემ საკითხი დასვა?"
09/02/2021 10:18:52 პოლიტიკა, საზოგადოება
პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, რატომ არ იწყებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების ვაქცინაციას.
მისი განცხადებით, ქართველ ჯარისკაცებს ძალიან დიდი მსხვერპლი აქვთ გაღებული მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და კარგი იქნებოდა თუ ხელისუფლება მათ ვაქცინაციის დროს პრიორიტეტს მიანიჭებდა.
"ჩვენ წლებია გვესმის და ამით ალიან ვამაყობთ, რომ საქართველო და ქართული ჯარი არის ნომერ პირველი კონტრიბუტორი მსოფლიო მშვიდობაში, იქნება ეს ავღანეთის მისია თუ სხვა მისიები. ძალიან დიდი მსხვერპლი გვაქვს ამ მხრივ გაღებული და მსოფლიო უსაფრთხოებაში ნომერი პირველი წვლილის შემტანია, ეს რიცხოვნობით პატარა ქვეყანა. საინტერესოა აი ამ კუთხით წავიდა თუ არა მუშაობა, რომ ჯარისკაცები, რომლებიც ამხელა მსხვერპლს იღებენ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, ახლა როცა, მსოფლიო უსაფრთხოებას ეხება საქმე, ამ კუთხით იყვნენ პრიორიტეტულები. ვინმემ ეს საკითხი დასვა? თუნდაც ქართული ჯარი, რომ აცრილიყო და ჯარისკაცების ოჯახები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ყველა ოფიციალური მიმოწერის გასაჯაროებას მოითხოვა, რომელიც ვაქცინის მოპოვების მცდელობისთვის იყო მიმართული. მისი თქმით, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ინფორმაციას არ მიაწვდან, ეს კანონდარღვევა იქნება, რაზეც ის სამართალწარმოებას დაიწყებს.
მოგვიანებით, მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უპასუხა:
"ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს საჯარო ინფორმაციას დადგენილი წესით, ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ COVAX-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ასვე, მწარმოებლებთან შეთანხმებების ფარგლებში გვაქვს, არის კომფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის რაც, საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო ზოგადად გააზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან".
ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყება მიმდინარე თვიდან იგეგმება. ცნობილია, რომ პირველ რიგში, მედიკოსები და რისკ–ჯგუფებში შემავალი მოქალაქეები აიცრებიან.


