BBC - ჰაკერმა აშშ-ში სასმელ წყალში სახიფათო რაოდენობის ქიმიკატის შერევა სცადა
09/02/2021 05:49:43 მსოფლიო
აშშ–ში ჰაკერმა ფლორიდის ქალაქ ოლდმარში მდებარე წყლის სისტემაში დისტანციურად შეღწევა შეძლო და ქიმიური ნივთიერების "სახიფათო" ოდენობით შერევას შეეცადა, – იუწყება BBC.
მისივე ცნობით, ჰაკერმა ოლდსმარის წყლის გაწმენდის სისტემაში ნატრიუმის ჰიდროქსიდის გადაჭარბებული რაოდენობის გარევა დაიწყო, თუმცა, ორგანიზაციის ოპერატორმა ქმედება დააფიქსირა და ნატრიუმის ჰიდროქსიდის დონე მყისიერად შეამცირა.
ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, თავდასხმა ქვეყნის შიგნიდან განხორციელდა თუ მის ფარგლებს გარედან.
ოლდმარის წყლის სისტემიდან წყალი სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებსა და დაახლოებით 15 000 მოსახლეს მიეწოდება.
ნატრიუმის ჰიდროქსიდის მცირე რაოდენობას მჟავიანობის გასაკონტროლებლად იყენებენ, თუმცა გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება კანისა და თვალების გაღიზიანება და თმის ცვენაც კი გამოიწვიოს. ამასთან, მისმა გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს, ყელისა და კუჭის დაზიანება, ღებინება და დიარეა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჰაკერული მცდელობა აშშ–ში 2016 წელსაც აღკვეთეს. ამასთან, წყალში ქიმიური ნივთიერების სახიფათო ოდენობით შერევის მიზნით 2020 წლის განმავლობაში ისრაელის წყალმომარაგების სისტემაში მრავალი წარუმატებელი შეღწევის მცდელობა დააფიქსირეს.


