ოქსფორდის უნივერსიტეტი: "AstraZeneca–ს ვაქცინა Covid-19-ისა და მისი უფრო სწრაფად გავრცელებადი სახეობების წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს"
05/02/2021 19:09:52 მსოფლიო
ოქსფორდის უნივერსიტეტის განცხადებით, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ AstraZeneca–ს ვაქცინა Covid-19–ის უფრო სწრაფად გავრცელებადი სახეობების, მათ შორის ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს.
"დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ჩვენი კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინა არამარტო Covid-19–ისგან, არამედ კორონავირუსის ახალი ვარიანტებისგანაც ეფექტურად იცავს", – განაცხადა ოქსფორდის ვაქცინის კვლევის მეცნიერმა ენდრიუ პოლარდმა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.
კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 105 457 587 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 295 576 ადამიანი იმსხვერპლა. 77 158 682 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.


